ახალი ამბები

IBSU: დასკვნაში შეზღუდვის მოტივად ფინანსური ხაზი სახელდება, რაც ვალის გადახდით ამოვწურეთ

3 სექტემბერი, 2018 • 1695
IBSU: დასკვნაში შეზღუდვის მოტივად ფინანსური ხაზი სახელდება, რაც ვალის გადახდით ამოვწურეთ

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილების საჩივარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უკვე ამზადებს. IBSU-ში მიიჩნევენ, რომ სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღების შეზღუდვის გაგრძელება უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნულის მთავარი მიზეზი, რაც ფინანსურ საკითხებს ეხება, სახელმწიფოსადმი დავალიანების დაფარვით უკვე მოგვარდა.

“დასკვნაში პირველკურსელების ნაკადის მიღების შეზღუდვის ძირითად მოტივად ისევ ფინანსური ხაზი სახელდება. ბუნებრივია, დასკვნაში არის რეკომენდაციული ხასიათის თემატიკაც, თუმცა აკრძალვის ცენტრალურ მიზეზად გამოტანილია ფინანსური თემა. ვინაიდან ჩვენი მხრიდან 1 კვირის წინ ეს თემა ამოიწურა, (უნივერსიტეტმა ვალი გადაიხადა), უფრო მყარია ჩვენი პოზიცია, რომ აპელაციის შეტანის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ჩვენს სასარგებლოდ. ახლა თუ ვერ შევძლებთ სტუდენტთა მიღებას, რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადებში მაინც განიხილონ აპელაცია”, – უთხრა IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა სალომე სუხიშვილმა “ნეტგაზეთს”.

დასკვნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ  საბჭომ 31 აგვისტოს გამოაქვეყნა. დოკუმენტში ავტორიზაციის შვიდი სტანდარტია განხილული, ვითარების ანალიზითა და რეკომენდაციებით. ერთ-ერთი კრიტიკული შეფასება, რომელიც სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღების შეზღუდვის წინაპირობა იყო, უნივერსიტეტის ბიზნესუწყვეტობის გეგმას შეეხება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ გეგმა უნივერსიტეტის შესაძლებლობებსა და რესურსებს სრულად არ ასახავს.

“უნივერსიტეტის მენეჯმენტთან ინტერვიუს დროს გამოვლინდა, რომ, მაგალითად, როცა საქმე ეხება საურავებთან და ჯარიმებთან დაკავშირებულ რისკებს ან გადასახადებს, უნივერსიტეტს აქვს მრავალი სხვა ალტერნატივა, ვიდრე ეს წარმოდგენილია ბიზნესპროცესების უწყვეტობის გეგმაში. მაგალითად, უნივერსიტეტს რამდენიმე წელია აქვს სასამართლო საქმე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ უნივერსიტეტს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე (ინფორმაცია მოპოვებულია ინტერვიუებიდან) იმოქმედოს განსხვავებულად, ეს ფაქტობრივი მდგომარეობა არ არის ასახული ბიზნესპროცესების უწყვეტობის გეგმაში. უფრო მეტიც, უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში განხორციელდეს საკუთრების უფლების გადაცემა და ეს ასევე უნდა აისახოს უწყვეტობის გეგმაში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზემოაღნიშნულს გამორიცხავს. მისი თქმით, უნივერსიტეტმა საბჭოს ყველა ის დოკუმენტი წარუდგინა, რაც დაწესებულების ფინანსურ სტაბილურობას უსვამდა ხაზს.

შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გარდა, საბჭოს დასკვნას განათლების სფეროს ექსპერტი სიმონ ჯანაშიაც აკრიტიკებს. მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველი ფინანსური პრობლემები რომც ყოფილიყო, ეს აღნიშნულ სანქციას მაინც არ ამართლებს, რადგან მან IBSU-ს ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგივრად გააუარესა.

“ერთია, რომ არ ჰქონდა საფუძველი ავტორიზაციის საბჭოს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა ეს რომც ჩაითვალოს საფუძვლად, გზა, რომელიც მათ აირჩიეს, უზღუდავს უნივერსიტეტს შესაძლებლობას, დახვეწოს საკუთარი ხარისხი თუ ფინანსური მდგრადობა. ეს ხელს უშლის მას იმ პრობლემების გადაჭრაში,რაზეც საუბრობს საბჭო. რადგან სტუდენტების ნაკადის მიღების შეჩერებით უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობა კი არ გააუმჯობესეს, არამედ გააუარესეს”, – აღნიშნავს ექსპერტი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, დასკვნის ტექსტში ავტორიზაციის საბჭო საკუთარ უფლებამოსილებას სცდება, როცა უნივერსიტეტის ფინანსური პრობლემების მოგვარების გზებზე საუბრობს, ვინაიდან ეს თავად კერძო დაწესებულების პრეროგატივაა.

ყველაფერი, ყველა დოკუმენტი, მათ შორის, 2013-17 წლების მთლიანი აუდიტის დასკვნა, წარდგენილია მათ წინაშე. დასკვნაში ვერ ნახავთ ვერც ერთ ხარვეზს, რომელიც მიუთითებს, რომ არამდგრადი და ფინანსურად არამყარი ორგანიზაციაა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ამიტომ, ნებისმიერი აპელირება იმაზე, რომ ეს არის კვლავ ფინანსური მოტივი, არ არის საფუძვლიანი.


ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა.

საბჭოს თავმჯდომარე დავით აფრასიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ IBSU – ს დავალიანება და უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა არ იყო ასახული რისკების შეფასებასა და აუდიტის დასკვნაში. სწორედ ფინანსური საკითხები გახდა IBSU – თვის დაწესებული სანქციის მიზეზი.

26 აგვისტოს IBSU – მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა. მანამდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საბანკო ამონაწერი გაასაჯაროა, სადაც დეპოზიტზე დავალიანების დასაფარი თანხა იყო. IBSU – ში აცხადებდნენ, რომ საბანკო ამონაწერი ავტორიზაციის საბჭოსაც წარუდგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი