ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბებიხელოვნება

“ვუდსტოკი კავკასიაში” — ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მუსიკოსები მშვიდობისათვის

3 სექტემბერი, 2018 • 5162
“ვუდსტოკი კავკასიაში” — ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მუსიკოსები მშვიდობისათვის

ქვემო ქართლის საზღვრისპირა სოფლებს ზაფხულობით ყოველდღიურ რუტინას პატარა, ენერგიული მუსიკალური ფესტივალი ურღვევს. One Caucasus “ერთიანი კავკასია”  — ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც 2014 წლიდან თავს უყრის მუსიკოსებს, მშვიდობის ენთუზიასტებსა და ნებისმიერ სხვას საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ბოლნისიდან სამხრეთით, სომხეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით 15კმ-ს თუ გაივლით, სოფელ ფოლადაურში მოხვდებით. ფოლადაურის ცენტრში გზაგასაყარს რომ მიადგებით, მარცხნივ უნდა გაუხვიოთ. აქედან 500-იოდე მეტრში, გზის მარჯვენა მხარეს, მაღლობზე, საბანაკე ადგილია შემალული. სწორედ აქ იმართება წელსავკასიის ვუდსტოკი”, როგორც მას ორგანიზატორები უწოდებენ.

ფესტივალისკენ გზის მიმანიშნებელი ბანერი ფოლადაურში © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ფესტივალზე გამომსვლელთა მუსიკალური საშემსრულებლო გემოვნება ისევე განსხვავდება, როგორც მათი ეროვნული იდენტობები — დაწყებული გამოცდილი, ქართულ-ამერიკული Natural Born Lovers-ის ჩიკაგოს სტილის ბლუზით, გაგრძელებული ქართული და სომხური ჯგუფების (მაგალითად, გურული “ნართის”, ერევნული TmbaTa-ს) ფოლკითა და პოპ-როკით, Pako Sarr-ის პოლონურ-სენეგალური რეგით/ფანკით და დამთავრებული აზერბაიჯანული H3 Collective-ისა  და DiHaj-ის ჯაზ-ჰოპითა და ექსპერიმენტული დუმ-პოპით. ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აერთიანებთ, მშვიდობის სურვილია.

“მუსიკა ომის ნაცვლად”

არიკ გრიგორიანს, იმავე არიკ ბამბირს, უკვე წლებია ერევნის ალტერნატიული მუსიკალური სცენის მოყვარულები კარგად იცნობენ. მის პროექტებს შორის ყველაზე გამორჩეული, ალბათ, ჯგუფი Bambir და ანსამბლი Vishup-ია. ორივე ჯგუფი გასულ წლებში მონაწილეობდა ფესტივალზე, თუმცა წელს One Caucasus-ზე არიკს ახალი ანსამბლი ჰყავდა ჩამოყვანილი — TmbaTa — რომელიც ერევნელ სტუდენტებსა და მოსწავლეებს აერთიანებს.

ანსამბლი TmbaTa ერევნიდან One Caucasus-ის სცენაზე აქავერებს ეთნომუსიკის პიონერის, კომიტასის Zar Znga-ს (Զար զընգը) © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

გრიგორიანი გვეუბნება: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი ხალხთან კომუნიკაციის კუთხით. გეცოდინებათ, კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა. ორივე მხარე დავიღალეთ ამ კონფლიქტით, არავის უნდა ბრძოლა და ომი. ასეთი ინიციატივები კი ყინულს ალღობს. ჩვენი სტუდენტები, მაგალითად, არასოდეს ეკონტაქტებიან აზერბაიჯანელებს. არადა, მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. ერთმანეთთან პრობლემები არ გვაქვს“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო დაწყებული კონფლიქტი მესამე ათწლეულს ითვლის. ამდენი წლის შემდეგ ჯერაც არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ კონფლიქტი, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უახლოეს მომავალში შეიძლება მოგვარდეს. მანამ, სანამ ორი სახელმწიფო პირველ ნაბიჯებს გადადგამს შერიგებისაკენ, ფესტივალი ცდილობს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს საერთო სივრცე მისცეს.

კარვების ბანაკი ფესტივალზე © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მუსიკა ომის ნაცვლად” (make music, not war) — ასეთი დევიზით იწვევდნენ TmbaTa-ს წევრები მსმენელებს ფესტივალზე. ეს ფრაზა ვარიაციაა 1960-იანების ამერიკული კონტრკულტურის სამშვიდობო სლოგანისა — make love, not war. როგორც ჩანს, სწორედ ეს მოძრაობაა ფესტივალის ჩატარების შთაგონების წყარო — ვიეტნამის ომისდროინდელ, პაციფისტურ მოძრაობასთან პარალელს ფესტივალის დირექტორი ვიტეკ ჰებანოვსკიც ავლებს:

“ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ პატარა, ინტერდისციპლინარული ვუდსტოკი ვართ, თუმცა [ჩვენსა და ამერიკულ ვუდსტოკს შორის] განსხვავება ისაა, რომ ამერიკაში ვიეტნამელი ხალხი არ ჰყოლიათ, ჩვენ კი აქ გვყავს ადამიანები ორი ქვეყნიდან, რომლებსაც ომი აქვთ ერთმანეთთან გაჩაღებული”.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ადგილობრივები ფესტივალზე მწვადებს წვავენ. ადგილობრივები, როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები, ფესტივალზე იკრიბებიან ხოლმე © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ჰებანოვსკის თქმით, 2014 წლიდან მოყოლებული, რაც ფესტივალი ტარდება, ფესტივალზე მოსულ არცერთ აზერბაიჯანელ ან სომეხ ადამიანს არ უკამათია ყარაბაღზე და ომზე. პირიქით — ისინი ერთად მუშაობენ ვორკშოპებზე, დოკუმენტურ ფილმებზე და ერთადაც კი უკრავენ ხოლმე სცენაზეო, ამბობს One Caucasus-ის დირექტორი.

“საქართველო – ამიერკავკასიის ცენტრი”

“მჯერა, რომ საქართველო დღეს, როგორც წლების წინ, არის ამიერკავკასიის ცენტრი, რომელიც ყოველთვის მეგობრული იყო ყველასათვის”, – გვეუბნება ალი ნასიბი, აზერბაიჯანული DiHaj-ისა და H3 Collective-ის დრამერი, რომელიც ხშირად ჩამოდის თავის ბენდებთან ერთად თბილისში.

საქართველო, განსაკუთრებით კი, თბილისი, მართლაც მოიაზრებოდა სამხრეთ კავკასიის ცენტრად, — ერთი საუკუნის წინ, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, საქართველოს კვალდაკვალ, სწორედ აქ გამოაცხადა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა; ოსმალეთის იმპერიის რეპრესიებს გამოქცეულმა სომხობამ აქ იპოვა თავშესაფარი; საქართველო დღესაც არის ის ნეიტრალური სივრცე, სადაც ტარდება სხვადასხვა პროექტი, რომელიც “მშვიდობის მშენებლობას” ისახავს მიზნად.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომა მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში. სწორედ აქ გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა, ორი დღის შემდეგ კი — აზერბაიჯანის რესპუბლიკამ © საქართველოს ეროვნული არქივი, 1919 წლის 12 მარტი

ქვემო ქართლში, 220 000-მდე ეთნიკურ ქართველთან ერთად 180 000-მდე ეთნიკური აზერბაიჯანელი და 21 500 ეთნიკური სომეხი ცხოვრობს. 2016 წელს, ყარაბაღში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განახლების შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობამ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომეხ და აზერბაიჯანელ თემებშიც შემოაღწია. ამ სირთულის ფონზე, სომეხი და აზერბაიჯანელი უმცირესობების კეთილმეზობლობა საქართველოს ამ, სულ ცოტა, სამ შერეულ სოფელში, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ამ ორი იდენტობის მქონე ადამიანებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება არ არის არარეალური პერსპექტივა.

მკაცრი რეალობა

ამაღელვებელი, მშვიდობაზე ორიენტირებული რიტორიკის მიღმა არსებული პოლიტიკური რეალობა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მუსიკის ენთუზიასტები აღიარებენ, ხოლო ათწლეულების განმავლობაში გაღვივებული კონფლიქტის იარები — ჯერაც მოუშუშებელი. ფესტივალი კი, სხვა სამშვიდობო ინიციატივების მსგავსად, იმდენად მცირემასშტაბიანია, რომ აქ გავრცელებული იდეები რთულად თუ მიაღწევს ფართო საზოგადოებამდე.

ფესტივალის ორგანიზატორი ვიტეკ ჰებანოვსკი ამაყობს იმ კეთილგანწყობილი გარემოთი, რაც One Caucasus-ზე იგრძნობა © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

One Caucasus-ის ორგანიზატორია პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია The Other Space Foundation, მცირებიუჯეტიანი დამფინანსებლები კი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მარნეულის/ბოლნისის მუნიციპალიტეტები არიან. ფესტივალის სტაფი ძირითადად დაკომპლექტებულია მოხალისეებით. შეზღუდული ფინანსები ნაკლებ ცნობადობასა და არცთუ შესანიშნავ ორგანიზებას განაპირობებს.

ზუსტად იმ დროს, როდესაც The Chemical Brothers-ის შოუს  რუსთავის მოტოდრომზე ათასობით მსნენელი დაესწრო, One Caucasus-ზე ორივე დღეს — 1-2 სექტემბერს, ასე, 400-მდე ადამიანი თუ მივიდა, მონაწილეებისა და ადგილობრივების ჩათვლით.

სირთულეების მიუხედავად, “ერთიანი კავკასიის” იდეა ორგანიზატორებისა და მონაწილეების ნაწილისათვის იმედისმომცემად რჩება, — ნათელ წერტილად, ეთნიკური დაპირისპირების გარდაუვალ ალტერნატივად.

ადგილობრივი ბავშვები ფესტივალზე © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ამერიკულ-ქართული ბენდი Natural Born Lovers ფესტივალის სცენაზე © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მსმენელები ცეკვავენ აზერბაიჯანული ბენდის, H3 Collective-ის მუსიკაზე © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ფესტივალი One Caucasus 2018 © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

One Caucasus მომავალ წელს, სავარაუდოდ, კვლავ გაიმართება, თუმცა ორგანიზატორები არასაკმარის რესურსებს უკვე მესამე წელია, უჩივიან © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი