რუსეთმა აზერბაიჯანს უკვე 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდა

აზერბაიჯანმა რუსეთისგან ბოლო წლების განმავლობაში შეისყიდა 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დანიშნულების პროდუქცია.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთობლივი გამოსვლის დროს განაცხადა.

“იმ საკითხებს შორის, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, მნიშვნელოვანი ადგილი რეგიონულ უსაფრთხოებას, პირველ რიგში, მთიანი ყარაბაღის სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დარეგულირებას უკავია. ეს კონფლიქტი საკმაოდ დიდხანს გრძელდება და ის აზერბაიჯანელი ხალხის ტანჯვის მიზეზია.

კონფლიქტის სწრაფი დარეგულირება ჩვენს მოქალაქეებს საკუთარ ისტორიულ მიწაზე დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს, ასევე მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და თანამშრომლობას ჩვენს რეგიონში”, – განაცხადა ალიევმა, რომელმაც აქვე რუსეთის მშვიდობიან როლზე ისაუბრა.

“რუსეთი ჩვენი მეზობელია, ჩვენი ისტორიული პარტნიორი და მეგობარი, და ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ძალისხმევა კონფლიქტის დარეგულირებაში გაგრძელდება.

ჩვენ დღეს ასევე განვიხილეთ სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, რომელთაც დიდი ტრადიცია გააჩნიათ. აზერბაიჯანის მიერ რუსეთსიგან სამხედრო ტექნიკის შესყიდვაზე 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტებია განხორციელებული რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის და ეს ტენდენცია მზარდია, რამდენადაც აზერბაიჯანი აგრძელებს შეირაღებული ძალების მოდერნიზაციას, რუსეთი კი მსოფლიო ბაზარზე სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი მწარმოებელი და მიმწოდებელია”.


რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების საკითხი არაერთხელ გამხდარა უკმაყოფილების მიზეზი სომხეთში, რამდენადაც სომხეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა. ამ მხრივ, მოსკოვით უკმაყოფილების ტალღა განსაკუთრებით მწვავედ აგორდა სომხეთში 2016 წლის აპრილში, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების ესკალაციის შემდეგ.

დმიტრი როგოზინმა, რომელიც ВПК [სამხედრო წარმოების კომისია]-ზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება. დმიტრი მედვედევმა კი განმარტა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთდროულად მიწოდების მიზანი მათ შორის ბალანსის შენარჩუნებაა და  რუსეთს რომ არ მიეყიდა იარაღი აზერბაიჯანისთვის, ის მესამე ქვეყნებში მაინც იყიდდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი; ფოტო: trend.az

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი