ახალი ამბები

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვეტილია – საფრანგეთის მიტროპოლიტი

1 სექტემბერი, 2018 • 4873
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვეტილია – საფრანგეთის მიტროპოლიტი

მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-სა და რუსეთის პატრიარქ კირილს შორის სტამბოლში გამართული შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იყო. ამის შესახებ საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა AP-ს განუცხადა.

შეხვედრა პატრიარქებს შორის 31 აგვისტოს, სტამბოლში შედგა. მიტროპოლიტი ემანუელი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე შექმნილ კომისიაში შედის ამბობს, რომ მსოფლიო პატრიარქმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა: აღნიშნულ საკითხზე უკან დახევა არ იქნება.

“დღეს პატრიარქმა პირისპირ შეხვედრაზე გაიმეორა, რომ ეკუმენურ საპატრიარქოს გადაწყვეტილება მიღებულია და უკან დახევას არ ვაპირებთ”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა და დაამატა:

“პროცედურა ჯერ არ დაგვისრულებია. დოკუმენტი, რომელიც გადაწყვეტილებას მოიცავს, იმპლემენტაციის ბოლო ეტაპზეა. თუმცა ჩვენ კვლავ გვაქვს სამუშაო და ესაა ის, რასაც ეკუმენურ საპატრიარქო უწევს კოორდინაციას”.

შეხვედრა უკრაინის პატრიარქის პრესმდივანმაც შეაფასა, რომელმაც ფეისბუქზე დაწერა, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილმა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია.

“პატრიარქმა კირილმა ვერ მიაღწია მიზნებს, რომელთათვისაც ჩამოვიდა[სტამბოლში]. თავდაპირველად იყო შეხვედრა სინოდის ყველა წევრთან, შემდეგ კი საუბარი მხოლოდ თარჯიმნის მონაწილეობით”, – დაწერა მან.

თავად კირილი საბოლოო გადაწყვეტილებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

“მართლმადიდებლური ეკლესიების ორგანიზაცია ისეთია, რომ ერთი ეკლესია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სხვა ეკლესიების პოზიციებს ეწინააღმდეგება. ასე რომ, ჩვენ უბრალოდ კოორდინაციას გავდივართ”, – ციტირებს კირილს რუსული გამოცემა “ტასი”.

თავად კონტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს შეხვედრის შედეგებზე ოფიციალური განცხადება, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.

უკრაინისა და რუსეთის ეკლესიები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიყო, როდესაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, კიევის საპატრიარქო პატრიარქ ფილარეტის მეთაურობით დე ფაქტო დამოუკიდებლად არსებობს, თუმცა მას არ სცნობენ ოფიციალურად არც გავლენიანი რუსეთის საპატრიარქო და არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ვითარება ეკლესიებს შორის, განსაკუთრებით 2-014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ დაიძაბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი