ახალი ამბები

ზახარჩენკოს მკვლელობას რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს უკავშირებენ

1 სექტემბერი, 2018 • 2379
ზახარჩენკოს მკვლელობას რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს უკავშირებენ

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, ალექსანხდრე ზახარჩენკოს მკვლელობაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ. მკვლელობაში პირველი ეჭვმიტანილები ე.წ. რესპუბლიკის პოლიციამ უკვე დააკავა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევის მიმართ ბრალდებები გუშინვე გააჟღერა. სამინისტროს სპიკერ მარია ხაზაროვას თქმით, მკვლელობამ აჩვენა, რომ კიევმა “სისხლიან ბრძოლაში” ჩაბმა გადაწყვიტა და მშვიდობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დადებული პირობა დაარღვია. ზახაროვას განცხადების შესახებ “როიტერსი” რუსულ გამოცემა “რია”-ზე დაყრდნობით წერს.

პოზიციას ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაშიც იზიარებენ, სადაც ამბობენ, რომ მკვლელობის უკან უკრაინის სპეციალური ოპერაციის ძალები დგანან. ოფიციალურ პირთა თქმით, უკვე დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილიც.

მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ ინციდენტს საერთაშორისო ტერორიზმის სტატუსით გამოიძიებენ. კომიტეტის განცხადებით, პროცესი უკვე დაიწყო. ზახარჩენკოს მრჩეველმა ალექსანდრ კაზაკოვმა კი თქვა, რომ უკვე დააკავეს პირველი ეჭვმიტანილები, გამოცხადდა საგანგეო მდგომარეობა, ე.წ. საზღვრები კი – ჩაიკეტა.

უკრაინის თავდაცვის ორგანო კი ზახარჩენკოს მკვლელობას რუსულ მხარესა და სეპარატისტებს შორის შიდა დაპირისპირებას უკავშირებს. სპიკერ ელენა გიტლიანკაიას თქმით, “ყველა ის ბრალდება, რომელიც შეიძლება რუსეთის მხრიდან წამოვიდეს, სიმართლეს არ შეესაბამება”.

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო დონეცკის ცენტრში აფეთქებას გუშინ ემსხვერპლა.

რუსული მედიის ცნობით, ზახარჩენკო დონეცკის ცენტრში, რესტორან “სეპარატისტთან” აფეთქების შედეგად დაიღუპა. დაშავდა 3 ადამიანი. რესტორანი, სადაც აფეთქება მოხდა, ზახარჩენკოს რეზიდენციასთან ახლოსაა.

სეპარატისტების მიერ შექმნილი დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკის ლეგიტიმაციას საქართველოს და მსოფლიოს სხვა ქვეყნები არ აღიარებენ. მას მხოლოდ ცხინვალი “აღიარებს”. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ თავის მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. ზახარჩენკო სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი