ახალი ამბები

არჩევნებთან დაკავშირებით მარგველაშვილის გადაწყვეტილება “ოცნებაში” მოეწონათ

31 აგვისტო, 2018 • 1846
არჩევნებთან დაკავშირებით მარგველაშვილის გადაწყვეტილება “ოცნებაში” მოეწონათ

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, “ქართულ ოცნებაში” მოსწონთ.  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი რეიტინგიდან გამომდინარე მიიღო.

“მისი მხირდან ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა. მან ამ შემთხვევაში რეალურად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და რეალურად გაზომა საკუთარი რეიტინგი,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

“ქართული ოეცნების” კიდევ ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური ადეკვატურ ნაბიჯად აფასებს მარგველაშვილის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ. ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესზე სერიოზულ გავლენას არ მოახდენს.

“პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება ადეკვატურია. ასეთი გადაწყვეტილებებით მისი პრეზიდენტობის პერიოდში მაინცდამაინც განებივრებულები არ ვყოფილვართ. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ გავლენას ელექტორალური თვალსაზრისით საარჩევნო პროცესზე ვერ მოახდენს,” – ამბობს ზვიად ძიძიგური.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიიღო.

“კანდიდატები, ვინც საკუთარ თავს ასახელებენ, ყველა საკუთარ შესაძლებლობას თავად აფასებს. სავარაუდოდ, პრეზიდენტმაც ასევე შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღო,” – აცხადებს ბესელია.

დღეს, 31 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარ თავს არ დააყენებს.

როგორც მარგველაშვილმა თავის მიმართვაში განმარტა, მისი პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში ემსახურებოდა არა რომელიმე ელიტურ ჯგუფს, არამედ მოქალაქეებს.

“მინდა გითხრათ იმის შესახებ, რა მნიშვნელოვან პერსპექტივებს ვხედავ  ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში, მეგობრობთან ერთად. და გაგიზიაროთ ის პოზიცია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, არამედ სხვა ფორმით, თქვენთან ერთად გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს”, – განაცხადა მარგველაშვილმა. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი