ახალი ამბები

ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიაში სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო – რ2, “იმედი”

31 აგვისტო, 2018 • 7426
ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიაში სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო – რ2, “იმედი”

ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა ვერ მოიგო.  სააკაშვილის თქმით, ირაკლი რუხაძე პატივისა და ღირსების შელახვის გამო უჩიოდა.

“მოსამართლემ შეგვატყობინა, რომ ირაკლი რუხაძეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელია, ყველა მოთხოვნაზე უარი უთხრა,” – განუცხადა სააკაშვილმა “რუსთავი 2″ – ს.

რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიის სასამართლოში სარჩელი მიხეილ სააკაშვილის მიერ “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთებული განცხადების გამო შეიტანა, სადაც სააკაშვილი ირაკლი რუხაძესა და ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებაში ადანაშაულებდა.

ტელეკომპანია “იმედი” ბიზნესმენის ადვოკატების განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ადვოკატები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სასამართლომ ირაკლი რუხაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ადვოკატების განმარტებით, სასამართლომ ბიზნესმენი საჯარო პირად მიიჩნია, რომლის გაკრტიკების უფლებაც სააკაშვილს ჰქონდა.

“იმედის” ინფორმაციით, ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილისგან მხოლოდ ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. რუთავი 2″- ის ცნობით კი რუხაძე ყოფილი პრეზიდენტისგან სოლიდურ კომპენსაციას ითხოვდა.

“ბატონი ირაკლი რუხაძე იმედგაცრუებული და გაკვირვებულია სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვის წინასწარი შედეგებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მას არ შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ბრალდებების უკანონობაზე, თუმცა სასამართლოს არ უთქვამს, რომ სააკაშვილის ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბატონი სააკაშვილი პოლიტიკოსია, ბატონი რუხაძე კი, საჯარო პირი, რომელმაც უფრო მეტი კრიტიკა უნდა აიტანოს,” – წერია ადვოკატების განცხადებაში, რომლის თარგმანასაც “იმედი” ავრცელებს.

ირაკლი რუხაძე “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. “ნეტგაზეთი” ბანკის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ამ საკითხზე “ლიბერთი ბანკში” კომენტარი არ გააკეთეს. ირაკლი რუხაძე  შპს ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი