ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანში აფგან მუხთარლიზე არ უსაუბრია

31 აგვისტო, 2018 • 1951
საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანში აფგან მუხთარლიზე არ უსაუბრია

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა. მრავალ საკითხს შორის, რის შესახებაც მხარეებმა ისაუბრეს, არ მოხვედრილა ადამიანის უფლებების საკითხები, მათ შორის თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხი.

ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

“შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ ურთიერთობებზე და იმ დადებით დინამიკაზე, რაც ჩვენს ქვეყნებს უკვე მრავალი წელია აკავშირებს, მათ შორის- ეკონომიკურ, კულტურულ და ბევრ სხვა სფეროში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ილჰამს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება”.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ასევე “ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები შედგა პრემიერ-მინისტრ, ნოვრუზ მამედოვთან და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე – ოგტაი ასადოვთან”.

“ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ისტორიული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაცია და მიზნად დავისახეთ, მეტი გავაკეთოთ ერთობლივი ეკონომიკური პოტენციალის უფრო უკეთ გამოყენებისთვის. საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია, საპარლამენტო რესპუბლიკა. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საპარალამენტო დონეზე თანამშრომლობას და მოხარული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა მართლაც სამაგალითოა. ჩვენ შეგვიძლია, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რომელიც აქვს საქართველოს, შევქმნათ ერთობლივი საწარმოები და დამატებითი სამუშაო ადგილები როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მხარეებმა, ოფიციალური ცნობითვე, ისაუბრეს ასევე “საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემის შესახებ”.

გარდა ამისა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანელ კოლეგას რამილ უსუბოვს შეხვდა.

“მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებასა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრეს”.

ადამიანის უფლებების თემას ალიევთან შეხვედრის დროს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც შეეხო. მერკელი აზერბაიჯანში ვიზიტის დროს უფლებამდაცველებსაც შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი