ახალი ამბები

“ვისაც ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ვუდგავართ გურამს გვერდით”- კალაძე

31 აგვისტო, 2018 • 3853
“ვისაც ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ვუდგავართ გურამს გვერდით”- კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთელ გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ის ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, ყველას, ვისაც ქვეყნის წინსვლა გაუხარდება, კაშიას გვერდით უდგას.

“ჩვენ ყველას, ვისაც სპორტი გვიყვარს, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში. ის, ვისაც საქართველოს წინსვლა და განვითარება უხარია, კაშიას გვერდით უდგას,” – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუღებელია ის ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფა, რისი სამიზნეც გურამ კაშია ბოლო დღეებში გახდა.

“რომელ ქვეყანაშიც თამაშობდა გურამი, იმ ქვეყანაში მოხდა პოზიციის დაფიქსირება, იმ ფორმით, რა ფორმითაც მან ეს გააკეთა. რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ, ვუსმენთ და ვუყურებთ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ფორმით ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფის მიყენება,” – განმარტავს თბილისის მერი.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო ფეისბუკის გვერდი გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი