ახალი ამბებირეკლამასაზოგადოება

პროფკავშირები უმუშევართა დაზღვევის საკითხის კვლევას იწყებს

30 აგვისტო, 2018 • 4764
პროფკავშირები უმუშევართა დაზღვევის საკითხის კვლევას იწყებს

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება. 2017 წლის მდგომარეობით სამუშაო ძალის 13,9% უმუშევარი იყო, 2018 წლის პირველ კვარტალში კი უმუშევრობამ 14%  შეადგინა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ საქსტატის მონაცემები რეალობისგან შორსაა და უმუშევრობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვინაიდან დასაქმებულთა 52% თვითდასაქმებულია და მათი უდიდესი ნაწილი ჩართულია სოფლის მეურნეობაში, სადაც საშუალო შემოსავალი 300 ლარამდეა და ასეთი მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს უმუშევრად თვლის.

უმუშევრობის პრობლემა მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია და ის სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული. ბევრი განვითარებული ქვეყანა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია უმუშევრად დარჩენილ, სამუშაოს მაძიებელ მოქალაქეთა ცხოვრების გარკვეული სტაბილური საარსებო დონის შენარჩუნება მათ ხელახალ დასაქმებამდე. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი პირველ რიგში მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა იყოს, მას შემდეგ კი, რაც ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება, სახელმწიფოს მოუწევს უფრო მეტი ხარჯის გაწევა საზოგადოებაში მისი ხელახლა ინტეგრირებისა და მასზე ზრუნვისათვის, რაც გამოიხატება საარსებო შემწეობის (რომელსაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა იღებს)  გადახდაში უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ეს საჭირო იქნებოდა უმუშევრობის დახმარების გაცემის შემთხვევაში, ვინაიდან უმუშევრობის შემწეობის მიღების პერიოდში სამუშაოს მაძიებელი მოტივირებულია იპოვოს სამსახური, ხოლო საარსებო უზრუნველყოფაზე მყოფი პირებისთვის ეს მოტივაცია ნაკლებია. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა უმუშევართა დაზღვევის სისტემა, რომელიც უმუშევრობის პერიოდის კომპენსირებას გულისხმობს.

საკითხი მეტად აქტუალურია საქართველოსთვისაც. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას უმუშევართა დაზღვევის შესახებ ინიციატივა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სხვადასხვა აუდიტორიების წინაშე აქვს დაყენებული. თუმცა საქართველოს დასაქმებულთა ყველაზე დიდი გაერთიანება მიმდინარე წლის ივლისიდან, საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის  მხარდაჭერით, ამ საკითხზე სიღრმისეულ მუშაობას და ევროპაში უმუშევრობის ბენეფიტების შესახებ კვლევას შეუდგა. პროფკავშირების გაერთიანების ეკონომისტი გიორგი ჭანტურიძე აცხადებს, რომ კვლევის ფარგლებში იგეგმება ევროპული გამოცდილების მოძიება და საქართველოსთვის ყველაზე მისაღები ვარიანტის მიხედვით რეკომენდაციების მომზადება. აღნიშნული კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

უმუშევრობის დაზღვევა შრომის ბაზრის პასიურ პოლიტიკას მიეკუთვნება. სხვადასხვა ქვეყანაში მას განსხვავებული სახელით მოიხსენიებენ, როგორიცაადასაქმების დაზღვევა, უმუშევრობის დაზღვევა, უმუშევრობის შემწეობა და ..

როგორც წესი, მისი გაცემის პერიოდი შეზღუდულია იმ ვადით, რაც საკმარისია ახალი სამსახურის პოვნისთვის, ანუ ის ფარავს ფრიქციული უმუშევრობის პერიოდს. ზოგ ქვეყანაში ის უფრო ხანგრძლივია და საკმარისია გადამზადების პერიოდისთვისაცამასთან, შემწეობის თანხა  იმაზე ნაკლებია, ვიდრე ადამიანი მიიღებდა დასაქმების შემთხვევაში, ეს ხდება იმისათვის, რომ უმუშევარმა არ დაკარგოს დასაქმების მოტივაციაუმუშევრობის შემწეობა უნდა აღემატებოდეს საარსებო შემწეობას. საშუალო ოჯახი საქართველოში შედგება 4 წევრისგან, შესაბამისად, უმუშევრობის შემწეობა უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რასაც მიიღებდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 4-წევრიანი ოჯახი საარსებო შემწეობის სახითეს საკითხი ასევე პირდაპირ კავშირშია მინიმალურ ხელფასთან. უმუშევრობის შემწეობასთან ერთად საარსებო შემწეობას  უნდა აღემატებოდეს მინიმალური ხელფასიც. ამ გზით მოსახლეობას შეუნარჩუნდება მუშაობის მოტივაცია.

სხვადასხვა ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევის დაფინანსების განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. მათ შორის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამსაქმებლების და დასაქმებულების შენატანებიდან. ხშირად დაფინანსება ხდება სამივე მხარის მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უმუშევრობის შემწეობა და უმუშევრობის დაზღვევა.

უმუშევრობის შემწეობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, უნდა უზრუნველყოფდეს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის მინიმალურ მოთხოვნილებებს. უმუშევრობის დაზღვევა კი დამოკიდებული უნდა იყოს იმ ხელფასზე, რომელსაც პირი იღებდა იმ პერიოდში, როდესაც იგი დასაქმებული იყო,” –  აცხადებს ჭანტურიძე.

უმუშევრობის დაზღვევის ზოგადი მაგალითები, რომლებიც პროფკავშირებს აქვთ დამუშავებული, ასე გამოიყურება: არსებობს რამდენიმე სისტემა, მათ შორის ეგრეთ წოდებული“Ghent”- რომელიც უმუშევრობის დაზღვევას გულისხმობს და ფინანსდება დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ- დომინანტურია დანიაში, ისლანდიასა და შვედეთში. ბელგიაში, რომლის ერთერთი ქალაქის სახელიც ჰქვია ამ სისტემას, მოქმედებსკვაზი-Ghent” სისტემა, სადაც სახელმწიფო ბენეფიტების განაწილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იმის გამო, რომ Ghent სისტემის მქონე ქვეყნებში ამ სისტემაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პროფკავშირების წევრობა, პროფკავშირებში ჩართულობა მაღალია.

ფინეთში მოქმედებს შერეული სისტემა. დასაქმებულთა 70% პროფკავშირების წევრია, პროფკავშირებში გაწევრიანება კი ავტომატურად ნიშნავს უმუშევრობის დაზღვევის ფონდში გაწევრიანებას. მოქმედებს ორი სისტემა და მრავალი ფონდი. 2-დან ერთერთი სისტემა  ფინანსდება და იმართება სახელმწიფოს მიერ, ხოლო მეორე, “Ghent System” იმართება პროფკავშირების მიერ. სადაზღვევო თანხა შეადგენს ხელფასის 60%- და გაიცემა 500 დღის განმავლობაში. სადაზღვევო თანხის მისაღებად საჭიროა 2 წლის განმავლობაში სრულ განაკვეთზე მუშაობა.

მსგავსია დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყნის სისტემა. ძირითადი განსხვავებები ეხება ფონდში მონაწილეობის ხანგრძლივობას, დაზღვევის პერიოდსა და სადაზღვევო თანხის მიღების პერიოდს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ანალიტიკოსების აზრით,  საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი იქნება შერეული სისტემა.  საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე დასაქმებულებს და დამსაქმებლებს გაუჭირდებათ დამატებითი შენატანების გაკეთება. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს საპენსიო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს 2019 წლიდან დამატებით მოუწევთ ხელფასის 2%-ის კონტრიბუცია. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იკისროს უმუშევრობის შემწეობის გადახდა იმ პირებისთვის, რომლებიც დაკარგავენ სამუშაოს. შემწეობა უნდა აღემატებოდეს 4-წევრიანი ოჯახის საარსებო შემწეობას, რაც დაახლოებით 200 ლარს შეადგენს. ხანგრძლივი უმუშევრობის შემთხვევაში სახელმწიფომ უმუშევრობის შემწეობის გაცემა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 6 თვისა. ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ უმუშევრებს უნდა შესთავაზოს ალტერნატიული სამუშაო ადგილები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია:

 “უმუშევრობის დაზღვევა, უმუშევრობის შემწეობა, მიუხედავად იმისა, რომ ორი სხვადასხვა ცნება, ორი სხვადასხვა მიმართულებაა, მე და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება განვიხილვათ, როგორც პოლიტიკური ნებისა და პასუხისმგებლობის არსებობას ქვეყნის ხელისუფლების, ქვეყნის საზოგადოების წინაშე. გატარებული რეფორმები ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში ვერ იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას, აქედან გამომდინარე, ქვეყანას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე, რაც არ უნდა შემოფარგლებოდეს მათთვის მოქალაქეობის მიცემით თუ დაბადების მოწმობით უზრუნველყოფით. ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციურისიცოცხლის უფლება და ის ამით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. არ აქვს პროფკავშირებს ამბიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უმუშევრობის შემწეობის რაოდენობა თანხობრივად განსაზღვროს და კონკრეტულ ციფრებს ამ ეტაპზე არ ასახელებს. მაგრამ ის აუცილებლად უნდა იყოს მინიმალურ ხელფასთან მიახლოებული. გვახსოვს პერიოდი საქართველოში, როდესაც პენსია 7 ლარი იყო, ბუნებრივია, არცერთ ჭკუათმყოფელს არ ჰქონდა ილუზია, რომ 7 ლარი საკმარისი იყო ადამიანის ცხოვრებისა და ყოველთვიური სოციალური პრობლემების გადაწყვეტისთვის. უბრალოდ ეს იყო გარკვეული პოლიტიკა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობდა, იხდიდა საშემოსავლო გადასახადს, სიბერეში ყოფილიყო გარკვეულწილად უზრუნველყოფილი.

ნელ-ნელა, ეტაპობრივად, თუმცა არასაკმარისად პროფკავშირებისთვის, პენსია მეტნაკლებად დაუახლოვდა საარსებო მინიმუმს, თუმცა ეს არაა საკმარისი და გაცილებით მეტი უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ საპენსიო რეფორმა, პროფკავშირების მიერ ინიცირებული პენსიის ინდექსაცია, საპენსიო ასაკის ადამიანების  ცხოვრებას უზრუნველს თუ არ გახდის, მინიმუმ იმის საშუალებას მაინც მისცემს, რომ თვიდან თვემდე დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები, რომლებიც უჩნდებათ. ზუსტად ასე უნდა იყოს უმუშევრობის შემწეობა. უპირველესად, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს გამოკითხვა იმისა, ვის სურს და ვის არა მუშაობა. უნდა შეიქმნას ბანკი, ბაზა იმათი, ვისაც სურს მუშაობა, რა კვალიფიკაციის მქონენი არიან და თუ სახელმწიფო ვერ უზრუნვეყოფს მათ დასაქმებას, მათ უნდა გააუხადოს უმუშევრობის შემწეობა. ადამიანი, რომელიც კარგავს სამუშაო ადგილს და რაღაც პერიოდის მანძილზე, ვთქვათ, 2 თვის განმავლობაში, ვერ პოულობს ახალს, ანუ ეკონომიკა არ იძლევა ამის საშუალებას – მისი დასაქმების შესაძლებლობას, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გარკვეული პერიოდით. ლარიც რომ იყოს უმუშევრობის შემწეობა, მთავარია ეს ტერმინი გაჩნდეს ქართულ რეალობაში. დანარჩენზე, ბუნებრივია, ეტაპობრივად ვიმუშავებთ, ისევე როგორც პენსიასთან დაკავშირებით, ისევე როგორც შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით, ისევე როგორც შრომის კოდექსის სრულყოფასთან დაკავშირებით. ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების ამბიციით ნელ-ნელა უმუშევრობის შემწეობასაც დავუახლოვებთ იმ მაჩვენებელს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უმუშევრად ყოფნის პერიოდში მისი სოციალური გამოწვევების დარეგულირებას.”

საკითხზე მუშაობის მზაობა უკვე არსებობს მთავრობასა და ბიზნესში.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია ფიქრობს, რომ საკითხი შეიძლება იყოს დასმული სამმხრივი კომისიის დღის წესრიგში: 

“სიამოვნებით მოვსმენთ პროფკავშირების კვლევას. მივესალმებით საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას, მით უმეტეს, თუ მოხდება საქართველოსთვის რეგულირების გავლენების შეფასება, რაც გულისხმობს ახალი რეგულაციის დაწესების შემთხვევაში მის შესაძლო გავლენას ეკონომიკაზე, მის სოციალურ ეფექტს და პოზიტიურ და ნეგატიურ გავლენებს. ჩვენ პროფკავშირების მიერ მომზადებული არაერთი კვლევა განგვიხილავს სამმხრივ ფორმატში, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა ნაწილობრივ ან მთლიანად, მათ შორის მინიმალურ ხელფასთან, საპენსიო რეფორმასთან და სხვა საკითხებთან მიმართებაში. ეს ტრადიცია ჩვენ გვაქვს, აუცილებლად დაველოდებით და განვიხილავთ ამ კვლევასაც. არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, ჩვენც ჩავრთულიყავით კვლევაში,” – აღნიშნავს ჯგერენაია.

დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ კორძახია ფიქრობს, რომ საკითხი აქტუალური და მნიშვნელოვანია, თუმცა სერიოზულ გაანალიზებას საჭიროებს:

“ჩვენთვის აქ მნიშვნელოვანია, ვინ უნდა გადაიხადოს უმუშევართა დაზღვევის თანხა:  სახელმწიფომ, თუ ბიზნესმა?! რა თქმა უნდა, რაც მეტი გარანტია ექნებათ ადამიანებს, უკეთესია, მაგრამ მთავარია ბიზნესი არ უნდა დაზარალდეს და მას დამატებითი წნეხი და ზედმეტი ვალდებულებები არ უნდა დაედოს, არ უნდა დავავალდებულოთ გაეზარდოს ხარჯები. არის რამდენიმე ქვეყანაში სისტემა, როდესაც კონტრაქტით და კეთილი ნებით, სამსახურში აყვანისას დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება – გაშვების შემთხვევაში, გარკვეულ შემთხვევებში, გადაუხადოს 6 თვის ხელფასი. მაგრამ ეს ნებაყოფლობითია. გარკვეული მოდელის შემუშავება შესაძლებელია, საპილოტე პროექტის განხორციელება კი სახელმწიფო უწყებებშივე შეიძლება. სალაპარაკო და სადისკუსიო ბევრია, საკითხის განხილვა- მნიშვნელოვანი.  მთავარია შემდგომ არ მოხდეს საკითხის უხეშად გადაწყვეტა. ვფიქრობ, ეს თემა შეიძლება სოციალური პარტნორობის ფორმატში სადისკუსიო საკითხი გახდეს. თუ ბიზნესის ჩართვა გახდა საჭირო, ბიზნესი უნდა იყოს მოტივირებული, საკითხი უნდა იყოს კარგად გაანალიზებული და აწონ-დაწონილი,” –  აცხადებს კორძახია.

პროფკავშირების აზრით, უმუშევრობის შემწეობის შემოღება შექმნის პირობებს სიღარიბის შემცირებისთვის. რაც მოსახლეობას ააცილებს  უკიდურეს სიღარიბემდე მისვლას და, შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების საჭიროებაც ნაკლებად ექნება მოსახლეობას. სიღარიბის შემცირება უნდა იყოს სახელმწიფოს ერთერთი უმთავრესი მიმართულება, რათა საზოგადოებაში შემცირდეს დაძაბულობა და მოსახლეობას ჰქონდეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი