სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.
კაშიამ უეფას თანასწორობის ჯილდო იმის გამო მიიღო, რომ ლგბტ დროშის ფერებში გაფორმებული სამკლაურით გაუძღვა ვიტესის თამაშს. ასე ის ჩაერთო კამპანიაში, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგაა მიმართული.
კაშიას ამ ქმედებამ ფეხბურთის გულმშემატკივრების ნაწილი, განსკუთრებით კი, ჰომოფობიურად განწყობილი ძალები, “ქართული მარშის” წევრები გააღიზიანა. ზოგიერთი მათგანი კაშიას ეროვნული ნაკრებიდან წასვლასაც მოითხოვდა, თუმცა მას მხარი დაუჭირა ფებურთის ფედერაციამ და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა. გულშემატკივრების ნაწილმა კი მოიწონა მისი საქციელი, ჰომოფობია რომ დაგმო. კაშიამ გუშინ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ყველა მხარდამჭერ გზავნილს კითხულობს და ძალიან ამაყია.
თავად კაშია აცხადებს, რომ არ ნანობს ჰომოფობიის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვას და ყოველთვის იქნება ძალადობის წინააღმდეგ. 9 სექტემბერს საქართველოსა და ლატვიის მატჩია დაგეგმილი, რომელზეც გურამ კაშიაც ითამაშებს, თუმცა “ქართული მარში”, რომელსაც არაერთი აქცია გაუმართავს ქსენოფობიური მოთხოვნებით, აცხადებს, რომ ისინი გააპროტესტებენ ეროვნულ ნაკრებში კაშიას თამაშს.
‘თითოეულის მოწერილს ვკითხულობ! ვამაყობ!’ – გურამ კაშია მხარდამჭერებს მიმართავს