ახალი ამბები

უცხოელებს ბინადრობის მიღება შესაძლოა გაურთულდეთ

30 აგვისტო, 2018 • 1952
უცხოელებს ბინადრობის მიღება შესაძლოა გაურთულდეთ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ერთწლიანი ბინადრობის უფლების მიღებისთვის, შესაძლოა, 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა მოუწიოთ. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით ერთწლიანი ბინადრობის უფლების მისაღებად 35 ათას დოლარად შეფასებული უძრავი ქონებაც საკმარისია, თუმცა  პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ამ თანხას 100 ათას დოლარამდე გაზრდის.

“ამ კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ამ ქონებას უცხო ქვეყნის მოქალაქე სხვას გადასცემს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, შემდეგ კი ფიქტიურად სხვა პირზე გადააფორმებს. კანონის მიხედვით, ეს ადამიანებიც ანლოგიურად იღებენ ბინადრობის უფლებას. ანუ ისინი ე.წ კარუსელს ატრიალებენ. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,” -აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, თუ პირი ქონებას გაასხვისებს, მას ბინადრობის უფლება ჩამოერთმევა. “შეუძლებელი იქნება, ერთი უძრავი ქონებით რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს,” -ამბობს კალაძე.

ცვლილებები ასევე შეეხებათ ინვესტორებსაც. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში 300 ათასი ლარის ინვესტირების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბინადრობის უფლებას განუსაზღვრელი ვადით იღებენ.

მერიის ინიციატივით, 300 ათასი ლარი 300 ათას დოლარამდე უნდა გაიზარდოს. კახა კალაძის თქმით, მუდმვი ბინადრობის უფლება ინვესტორებს 5 წლამდე უნდა შეუმცირდეთ. თბილისის მერი ამ ცვლილებებს ქვეყნის ინტერესებითა და უსაფრთხოებით ხსნის. კახა კალაძე პარლამენტს თხოვნით მიმართავს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მალე დაამტკიცოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი