ახალი ამბები

სახელმწიფო ქონების თაღლითურად ბრალდებით ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

30 აგვისტო, 2018 • 1423
სახელმწიფო ქონების თაღლითურად ბრალდებით ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების და გულგრილობის ბრალდებით ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ – ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა, ა(ა)იპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაკვეთით, სოფელ ფონიჭალაში ბაგა-ბაღის შენობის სამშენებლო სამუშაოები განახორციელა. მან სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც  267 488 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

საგამოძიებო სამსახურის თქმით, გამოძიების პროცესში ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა დაქირავებულ საზედამხედველო კომპანიას, რომლის წარმომადგენლებმაც, თავის მხრივ, არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები. მათ ისე დაამოწმეს დოკუმენტები, რომ ბრალდებულის მიერ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოების მოცულობები ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან არ შეადარეს.

უწყების ცნობით, აღნიშნულმა ქმედებამ, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და შესაბამისად, განაპირობა თანხის მოტყუებით დაუფლება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი