ახალი ამბები

ვოლფსბურგის ნამდვილი კაპიტანი: “ცისარტყელის სამკლაურით ვაჩვენებთ, რომ ფეხბურთი ყველასია”

29 აგვისტო, 2018 • 3417
ვოლფსბურგის ნამდვილი კაპიტანი: “ცისარტყელის სამკლაურით ვაჩვენებთ, რომ ფეხბურთი ყველასია”

გერმანიის ბუნდესლიგის კლუბის ვოლფსბურგის განცხადებით, გუნდის კაპიტანი მიმდინარე სეზონის მატჩებში ლგბტ დროშის ფერებიან სამკლაურს გაიკეთებს. ამის მიზეზი ვოლფსბურგის სურვილია, ებრძოლოს ჰომოფობიას.

ცისარტყელის ფერებიან სამკლაურს წელს ვოლფსბურგის ყველა გუნდის (ახალგაზრდული, კაცების, ქალების) კაპიტანი გაიკეთებს.

როგორც ირკვევა, ინიციატივა ვოლფსბურგის ქალთა გუნდის კაპიტან ნილა ფიშერისაგან მოდის, რომელსაც ცისარტყელის სამკლაური ჯერ კიდევ 2013 წლიდან უკეთია მკლავზე.

კლუბის ხელმძღვანელმა იორგ შმადტკემ განაცხადა, რომ კლუბი ტოლერანტული საზოგადოების იდეის მხარდამჭერია და აღნიშნული გადაწყვეტილებით ქომაგებს მკაფიო სიგნალს უგზავნის დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

რაც შეეხება ვოლფსბურგის ძირითადი გუნდის კაპიტან ფრანგ ჟოშუა გილავოგის, ის ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ბედნიერია:

“ფეხბურთელები სხვებისთვის მაგალითები ვართ და ცისარტყელის სიმბოლოთი გვსურს ვაჩვენოთ, რომ ჩვენს სტადიონსა და კლუბში ყველას მივესალმებით. მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერია შენი კანი, რომელია შენი სქესი, ვინ გიყვარს და ა.შ. ფეხბურთი ყველასთვისაა”, – თქვა ვოლფსბურგის კაპიტნმა.

ჟოშუა გილავოგი

რაც შეეხება ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ვოლსფბურგის კაპიტანი ხორვატი იოზიპ ბრეკალოა, რომელმაც თითქოს უარი განაცხადა ცისარტყელა-სამკლაურის გაკეთებაზე – ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ბრეკალო ვოლფსბურგის კაპიტანი არაა. შესაბამისად, მას არც ზემოხსენებული სამკლაურის გაკეთება ემუქრება. გილავოგის შემდეგ ვოლფსბურგს ორი ვიცეკაპიტანი ჰყავს- მეკარე კოენ კასტელსი და მცველი რობინ კნოხი.

ბრეკალო ვოლფსბურგის რიგითი ფეხბურთელია და ხორავტულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ის რელიგიურია და ცისარტყელა-სამკლაურის იდეას მხარს არ უჭერს.

‘მე ძალიან რელიგიურად გავიზარდე, თუ ვინმე ცხოვრების სხვა გზას აირჩევს, ეს ჩემთვის მისაღებია, რადგან ეს მათი საქმეა. მაგრამ მე არ მსურს და არ უნდა ვატარო სპეციალური სიმბოლო სხვისთვის, რომელიც ჩემს ქრისტიანულ მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება”, – თქვა ბრეკალომ.

გურამ კაშიასთან დაკავშირბულმა სკანდალმა საზოგადოების ნაწილს ფეხბურთი და ფეხბურთელები დღემდე უჩვეულო პროფილით გააცნო. გაინტერესებთ, რა კავშირშია ეს სპორტი და თანასწორობა და ვინ, როგორ ებრძვის ჰომოფობიას ევროპულ ფეხბურთში? გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს სტატიას:

მასალების გადაბეჭდვის წესი