ახალი ამბები

‘თითოეულის მოწერილს ვკითხულობ! ვამაყობ!’ – გურამ კაშია მხარდამჭერებს მიმართავს

29 აგვისტო, 2018 • 4554
‘თითოეულის მოწერილს ვკითხულობ! ვამაყობ!’ – გურამ კაშია მხარდამჭერებს მიმართავს

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა გურამ კაშიამ ინსტაგრამზე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ ყველას გაგზავნილ წერილს კითხულობს.

“თითოეულის მოწერილს ვკითხულობ! ვამაყობ!”, – წერს გურამ კაშია ინსტაგრამის გვერდზე, რომელიც მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

ამავე ტექსტში ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა მედიას და ჟურნალისტებს და განაცხდა, რომ ამ ეტაპზე ინტერვიუს ჩაწერა არ სურს.

გურამ კაშია

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო ფეისბუკის გვერდი გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

კაშიამ უეფას თანასწორობის ჯილდო კი იმის გამო მიიღო, რომ ლგბტ დროშის ფერებში გაფორმებული სამკლაურით გაუძღვა ვიტესის თამაშს. კაშია ჩაერთო კამპანიაში, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგაა მიმართული.

კაშიას ამ ქმედებამ ფეხბურთის გულმშემატკივრების ნაწილი, განსკუთრებით კი, ჰომოფობიურად განწყობილი ძალები, “ქართული მარშის” წევრები გააღიზიანა. ზოგიერთი მათგანი კაშიას ეროვნული ნაკრებიდან წასვლასაც მოითხოვდა, თუმცა მას მხარი დაუჭირა ფებურთის ფედერაციამ და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა. გულშემატკივრების ნაწილმა კი მოიწონა მისი საქციელი, ჰომოფობია რომ დაგმო.

თავად კაშია აცხადებს, რომ არ ნანობს ჰომოფობიის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვას და ყოველთვის იქნება ძალადობის წინააღმდეგ. 9 სექტემბერს საქართველოსა და ლატვიის მატჩია დაგეგმილი, რომელზეც გურამ კაშიაც ითამაშებს, თუმცა “ქართული მარში”, რომელსაც არაერთი აქცია გაუმართავს ქსენოფობიური მოთხოვნებით, აცხადებს, რომ ისინი გააპროტესტეენ ეროვნულ ნაკრებში კაშიას თამაშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი