ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბნო კომისიების შესარჩევი კონკურსები ცესკომ გამოაცხადა

29 აგვისტო, 2018 • 1608
საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბნო კომისიების შესარჩევი კონკურსები ცესკომ გამოაცხადა

ცესკოს ცნობით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტების მიზნით, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 29 აგვისტოს გამოცხადდა 3 637 საარჩევნო უბნისთვის საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსები.

ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, კონკურსები გამოცხადდა 21 822 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიასაშუალებებს.  ამასთან, სხდომის მიმდინარეობაში ჩარევისა და კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის გარეშე, უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ სხდომის ფოტო – ვიდეოგადაღება, რითაც უზრუნველყოფილია პროცესის მეტი საჯაროობა, აცხადებს ცესკო.

„შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს კონკურსის წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ 7 ხმით, ირჩევს ზემდგომი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 12 წევრი სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიები საქმიანობას იწყებენ არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრე, უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს. კონკურსის წესის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. მათ ოლქის ელექტრონულ საფოსტო მისამართზე ან პირადად საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ საკონკურსო განაცხადი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მიქელაძის თქმით, დეტალური ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და პირობების შესახებ, ასევე განაცხადის ფორმა, ხელმისაწვდომია თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში; ხოლო კონკურსის შესახებ ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ელექტრონული სარეკომენდაციო ფორმა განთავსებული იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე. „ცენტრალური საარჩევნო კომისია, წარმატებული და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ხელშესაწყობად, მიმართავს იმ პირებს, ვისაც აქვს მნიშვნელოვანი საარჩევნო გამოცდილება ან/და გავლილი აქვს საარჩევნო საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამები, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.

მასალების გადაბეჭდვის წესი