ახალი ამბები

ენმ მაკკეინის დაკრძალვაზე დამსწრე დელეგაციაში პირველი პირებისა და პარტიის არყოფნას აკრიტიკებს

29 აგვისტო, 2018 • 2196
ენმ მაკკეინის დაკრძალვაზე დამსწრე დელეგაციაში პირველი პირებისა და პარტიის არყოფნას აკრიტიკებს

სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი და თავმჯდომარის მოადგილე დაესწრებიან. დელეგაციაში ქვეყნის პირველი პირები წარმოდგენილნი არ არიან. მის შემადეგნლობაში ვერც “ნაციონალური მოძრაობა” მოხვდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ პარტია ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე მიმავალ დელეგაციაში წარმოდგენილი არ არის. მისი თქმით, სენატორის ღვაწლის ფონზე, არაადეკვატურია აშშ-ში მხოლოდ პარლამენტის ვიცესპიკერისა და თავმჯდომარის მოადგილის წასვლა.

„უნდა გათვალისწინებულიყო ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ რომელიც ქვეყანაში არის ყველაზე დიდი და მთავარი ოპოზიციური პარტია, წარმოდგენილიყო ამ დელეგაციაში. წარმოდგენილიყო იმისთვის, რომ ასობით ათასს მხარდამჭერს ამ პარტიის, რომლისთვისაც სენატორი მაკკეინი იყო ნამდვილად გმირი, ჰქონოდა შესაძლებლობა, პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობით გამოეხატა საკუთარი მადლობა, აწ გარდაცვლილი სენატორის ხსოვნისადმი პატივი მიეგო. სამწუხაროა, რომ ამის შესაძლებლობა ჩვენ არ გვეძლევა. ის, რომ მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ესწრება მმართველი გუნდიდან ამ ცერემონიას, არ არის ალბათ ნამდვილად ადეკვატური პასუხი იმ მეგობრობაზე, რაც სენატორმა გაუწია ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“,-განაცხადა სამადაშვილმა “რუსთავი2”-თან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ში მიმავალი დელეგაციის შემადგენლობა კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა. კობახიძეს არ უთქვამს, რატომ არ შედიან მასში პრეზიდენტი და პრემიერი, თუმცა აღნიშნა, რომ თავად დაკრძალვაზე წასვლას გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებს.

“…ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, გვქონდა სხვადასხვა ვარიანტი და საბოლოოდ შევჯერდით იმაზე, რომ მაღალი რანგის დელეგაცია პირველი ვიცესპიკერის ხელმძღვანელობით გაემგზავრება.

…იყო ვარიანტი, რომ პრეზიდენტი თავად წასულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, მან ეს ვერ მოახერხა.

…მთავრობის მეთაურის მიზეზი არ ვიცი. როგორც ჩანს, ვერ მოახერხა. რაც შემეხება მე, მოგეხსენებათ, შემდეგი კვირიდან იწყება საშემოდგომო სესია, გვაქვს რთული სამუშაო რეჟიმი”, – უთხრა კობახიძემ მედიას.

სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 25 აგვისტოს გარდაიცვალა.

მაკკეინს ამერიკულ პოლიტიკაში თითქმის 40-წლიანი კარიერა ჰქონდა. იგი 6-ჯერ აირჩიეს არიზონას შტატის სენატორად, პირველად 1986 წელს, ხოლო ბოლოს – 2016 წელს. ომის ვეტერანი მაკკეინმა, რომელიც ვიეტნამის ომში მონაწილეობდა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ , 2000 და 2008 წლებში, მიიღო.

სენატორი მაკკეინმა საქართველოს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის გამოდიოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი