ახალი ამბები

დავით ბაქრაძის მხარდაჭერა გურამ კაშიას

29 აგვისტო, 2018 • 2056
დავით ბაქრაძის მხარდაჭერა გურამ კაშიას

“მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, გურამ კაშიას. მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც ღიად პრორუსული და ფაშისტური ძალები დაუფარავად ემუქრებიან ფეხბურთელს იმის გამო, რომ მან დაგმო ძალადობა და ადამიანებს შორის თანასწორობას დაუჭირა მხარი”, – ასე ეხმაურება პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გურამ კაშიას ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

“ხელისუფლების ვალია, დროულად შეზღუდოს მის მიერვე მხარდაჭერილი და წახალისებული ძალები და უზრუნველყოს გურამ კაშიას უსაფრთხოება. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელ უმცირესობასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის, თანასწორია კანონის წინაშე. საქართველოში ერთმანეთთან დაპირისპირებისა და ზიზღის გავრცელება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ ოკუპანტ ძალას, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დასუსტებით. ამიტომ ჩვენი ვალია, წინ აღვუდგეთ აგრესიასა და ძალადობას. საქართველოს სჭირდება ერთიანობა, ხოლო გურამ კაშიას და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვუსურვებ ბევრჯერ გაეხარებინოთ ქართველი გულშემატკივარი ღირსეული თამაშით და გამარჯვებებით! #გურამშენთანვართ”, – წერს დავით ბაქრაძე.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი