ახალი ამბები

რეჟისორ გიორგი შენგელაიას პრეზიდენტობა სურს – მისი კანდიდატურა უკვე წარადგინეს

29 აგვისტო, 2018 • 3290
რეჟისორ გიორგი შენგელაიას პრეზიდენტობა სურს – მისი კანდიდატურა უკვე წარადგინეს

საინიციატივო ჯგუფმა რეჟისორი გიორგი შენგელაია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს. ინფორმაცია “ნეგტგაზეთს” ცესკოში დაუდასტურეს.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რეჟისორი 32-ე იქნება მათ შორის, ვინც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.

გიორგი შენგელაია ქართველი კინორეჟისორია. ის 1962 წლიდან კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მუშაობდა. მის მიერ გადაღებულ ფილმებს შორისაა “ვერის უბნის მელოდიები”, “ხარება და გოგია”, “ალავერდობა” და სხვა ფილმები.

ცოტა ხნის წინ შენგელაია ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ “ქართუ ფონდმა” მას ყოფილი პრემიერის კრიტიკის გამო დაფინანსება შეუწყვიტა. ფონდში აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

მანამდე, 2016 წლის 11 მაისს, 79 წლის იუბილეზე გიორგი შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა კინოთეატრ რუსთაველის წინ, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. ვარსკვლავი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

საქართველოს პრეზიდენტობისთვის სურვილი 31-მა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა ამ დროისთვის ცესკოს ოფიციალურად მიმართა 30-მა სუბიექტმა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 სუბიექტის/საინიციატივო ჯგუფს კანდიდატის დაყენებაზე მოთხოვნა უკვე დაურეგისტრირა, ხოლო 16 სუბიექტის მოთხოვნას კვლავ განიხილავს.

საინიციატივო ჯგუფებსა და სუბიექტებს საკუთარი კანდიდატის წარდგენის მიზნით 8 სექტემბრამდე შეუძლიათ მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი