ახალი ამბები

კალაძე, თამაზაშვილი და ივანიშვილთან დაკავშირებული ფირმა – “ოცნების” მეიჯარეებში

29 აგვისტო, 2018 • 2003
კალაძე, თამაზაშვილი და ივანიშვილთან დაკავშირებული ფირმა – “ოცნების” მეიჯარეებში

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის გარდა, ქართული ოცნების მეიჯარეების სიაში პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და თამაზ თამაზაშვილიც დაფიქსირდნენ.

აუდიტის სამსახურში წარდგენილი უახლესი დეკლარაციის მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” სამტრედიაში, რუსთაველის გამზირის 23 ნომერში მდებარე ფართში 8 თვის განმავლობაში თვიურად გადაიხადა 625 ლარი. დეკლარაციის მიხედვით თანხის მიმღები პირი კახა კალაძეა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის სახელზე 900 ლარი აქვს თვეში გადახდილი. დეკლარაციის მიხედვით, პარტიას დედოფლისწყაროში მდებარე ფართი 8.5 თვის განმავლობაში ჰქონდა ნაქირავები.

დაუდგენელია, რომელ რვა თვეში გადაიხადა ეს თანხა ოცნებამ და ახლაც ქირაობს თუ არა კალაძისგან და თამაზაშვილისგან პარტია ოფისს.

ერეკლე მეორის მოედანზე, #3–ში მდებარე როსტომ მეფის სასახლის მფლობელია შპს “ახალი კაპიტალი”. კომპანიის 100%-ის მფლობელია ივანიშვილთან დაკავშირებული, პანამის ოფშორში დარეგისტრირებული “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელ ს.ა”.

“ახალი კაპიტალის” დირექტორი ივანე ბონდირევი, ამავდროულად, შპს “ძველი უბნის” დირექტორია. “ძველი უბნის” მესაკუთრე ააიპ “ქართული ოცნებაა”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.

“ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი” საქართველოში ფლობს “კაპიტალ ინვესტს”, რომელიც თბილისის იპოდრომის ტერიტორიის მფლობელია. “ინვესტ კაპიტალის” ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია.

“ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი” ფლობდა ბლექ სი არენას, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზს, რომელიც 2016 წელს ივანიშვილმა სახელმწიფოს გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქირაობს სახლს, რომელშიც ცხოვრობს. კომპანია “ფინსერვისი XXI” სოლოლაკში მდებარე იმ ბიზნესცენტრის მფლობელია, რომელშიც ამჟამად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს. ივანიშვილი ამ კომპანიისაგან ქირაობს ბიზნესცენტრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი