ნაცისტური მისალმება ულტრამემარჯვენეთა დემონსტრაციაზე. ფოტო: Sean Gallup/Getty Images

გერმანიაში ნაცისტური ჟესტის გამოყენებისთვის 10 ადამიანზე აღძრეს საქმე

აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ კემნიცში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, პოლიციამ ულტრამემარჯვენეთა დემონსტრაციის მინიმუმ 10 მონაწილეზე აღძრა საქმე, რომელთაც ნაცისტური მისალმების ჟესტი გამოიყენეს.  შაბათს მომხდარი მკვლელობის შემდეგ, რომელშიც სირიელი და ერაყელი კაცები მონაწილეონდნენ, ანტისაიმიგრაციო აქციებში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო. ქუჩებში მემარცხენე აქტივისტებიც გავიდნენ. დაძაბულობის პარალელურად, მკვლელობის ადგილას მოქალაქეები სანთლებს ანთებენ და ყვავილებს ტოვებენ.

დაძაბულობა კემნიცში შაბათს, საღამოს დაიწყო. ერთ-ერთ ქუჩაზე რამდენიმე კაცს შორის უცნობი მოტივით შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც დანით სამი მათგანი დაჭრეს, აქედან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ 35 წლის სირიელი და 23 წლის ერაყელი პირი დააკავა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში ანტისაიმიგრაციო კამპანია აგორდა. არაერთ შემთხვევაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინციდენტის დროს გარდაცვლილი და დაჭრილები ქალს სექსუალური ძალადობისგან იცავდნენ, რაც შემდგომ პოლიციამ არ დაადასტურა.

Deutche Welle-ს ცნობით, საპროტესტო გამოსვლა თავდაპირველად ულტრამემარჯვენეებმა და ე.წ. ხულიგნებმა ჩანიშნეს. კვირას ქუჩებში მათი 800 მხარდამჭერი გავიდა. ამავე დღეს ქალაქში მყოფმა არაერთმა უცხოელმა პოლიციას მათზე ძალადობის შესახებ აცნობა. მათ შორის იყო 15 წილის გერმანელი მოზარდი, რომელიც ქუჩაში 18 წლის ავღანელ ბიჭთან ერთად გადაადგილდებოდა, ასევე, ორი ბულგარელი და სირიელი კაცი. მოგვიანებით გერმანიის ოფიციალურმა პირებმა უცხოელებზე ძალადობა დაგმეს.

ულტრამემარჯვენეების აქცია კემნიცში. ფოტო: EPA/FILIP SINGER

ულტრამემარჯვენეების აქცია კემნიცში. ფოტო: EPA/FILIP SINGER

ქალაქში განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება ორშაბათს, 27 აგვისტოს, როცა ქუჩებში უკვე 6-7 ათასი  ულტრამემარჯვენე გავიდა. პარალელურად, ნაციონალისტთა ქმედებებს 1500-მდე ადამიანი, ძირითადად, მემარცხენეები აპროტესტებდნენ. BBC-ის ცნობით, ანტისაიმიგრაციო აქციის მონაწილეების მხრიდან მაშხალების, ბოთლებისა და სხვა ნივთების სროლის შედეგა 20-მდე ადამიანი დაშავდა. ამავე დღეს საქმე 10 ადამიანის მიმართ აღძრეს ნაცისტური მისალმების ჟესტის გამოყენებისთვის. პოლიციის ცნობით, შეტევის მსხვერპლი ულტრამემარჯვენეთა აქციის 4 მონაწილეც გახდა, რომელთაგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კონტრაქცია კემნიცში. ფოტო: EPA/ულტრამემარჯვენეების აქცია კემნიცში. ფოტო: EPA/FILIP SINGER

კონტრაქცია კემნიცში. ფოტო: EPA/ულტრამემარჯვენეების აქცია კემნიცში. ფოტო: EPA/FILIP SINGER

ქალაქში განვითარებული ძალადობრივი პროცესები გერმანიის ოფიციალურმა პირებმა ცალსახად დაგმეს.

“არის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს შეურაცხყოფას, შეტაკებებს, სიძულვილს  ჩვენს ქუჩებში. ამის ადგილი ჩვენი კანონმედლობის პირობებში არ არის”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მისი თქმით, დაუშვებელია განსხვავებული წარმომავლობის ადამიანებზე აგრესია და ძალადობა.

ულტრამემარჯვენეთა ძალადობა დაგმო ქვეყნის იუსტიციის მინისტრმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს ყველა, ვინც უმცირესობებს დაემუქრება.

ოფიციალური პირები უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ძალადობას ხელი შეუწყო ყალბმა ინფორმაციამ, რომელიც ინტერნეტში ინტენსიურად ვრცელდებოდა. საქსონიის გუბერნატორის თქმით, “მობილიზაცია ინტერნეტში იყო იმაზე ძლიერი, ვიდრე მანამდე”. მისი თქმით, ვირტუალურ სივრცეში არაერთი ცრუ ცნობა, ქსენოფობიური კომენტარი და კონსპირაციული თეორია ვრცელდებოდა.

ქალაქი კემნიცი საქსონიის მიწაზე მდებარეობს, სადაც განსაკუთრებით პოპულარულია ულტრამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”(AfD) და ანტისაიმიგრაციო მოძრაობა Pegida. AfD განსაკუთრებით პოპულარული გახდა გერმანიის საიმიგრაციო კრიზისის ფონზე, როცა ქვეყანამ მილიონამდე მიგრანტი მიიღო. გასული წლის არჩევნებში პარტიამ ხმათა 13% მიიღო და არსებობის ისტორიაში პირველად შევიდა პარლამენტში.

BBC-ს ცნობით, გერმანიაში მცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც თავშესაფარს იღებს, პარალელურად კი მიგრანტთა ინტეგრაციის პროცესი რიგი წარმატებებით აღინიშნება. ბოლო გამოკითხვებით, გერმანისი მოქალაქეები მეტწილად ორიენტირდებიან ჯანდაცვაზე, კლიმატსა და პენსიებზე. თუმცა მიგრაციის საკითხი კვლავ რჩება დღის წესრიგში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან