ახალი ამბები

სტუდენტების ინტერესები სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს – პრემიერი IBSU – ზე

29 აგვისტო, 2018 • 2512
სტუდენტების ინტერესები სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს – პრემიერი IBSU – ზე

პრემიერ – მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხზე. პრემიერის თქმით, ამ პროცესში სტუდენტების ინტერესები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

“განათლების მინისტრი და ზოგადად განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. მესმის, რომ არსებობს პროცედურები და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. ეს ჩარჩო ყველამ უნდა დაიცვას. ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავრი ახალგაზრდებისა და სტუდენტების ინტერესებია. ეს ინტერესები სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს.  დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება სახელდება.

26 აგვისტოს IBSU – მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა. თანხის გადახდის მიუხედავად, უნივერსტიეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ ამბობს, რომ უნივერსიტეტი ჯარიმის სამართლიანობას არ აღიარებს და დავას სასამართლოში აგრძელებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, შესაბამისად, ისინი სააპელაციო საბჭოს ვერ მიმართავენ. “ნეტგაზეთს” IBSU – ში უთხრეს, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ჩაბარებისთვის 10-დღიანი ვადა აქვს. უნივერსიტეტი ცენტრისგან ითხოვს, საბჭოს გადაწყვეტილება დაჩქარებულ ვადაში ჩაბარდეს, რათა სააპელაციო საბჭოში გასაჩივრების შესაძლებლობა ჰქონდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი