ახალი ამბები

ცესკო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თაობაზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს შეისწავლის

27 აგვისტო, 2018 • 2451
ცესკო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თაობაზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს შეისწავლის

ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს შეისწავლის. ამის შესახებ “ნეტგაზეთს”ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დაუდასტურა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პარტიის მტკიცებით, დასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისია ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირებით კოპლექტდება.

ცესკოდან განგვიმარტეს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლიან ამ საკითხს, რათა ცესკოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს.

ცესკოდან გვითხრეს, რომ ამ ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გაიგეს, ისინი არ დატოვებენ არცერთ ფაქტს, რამაც შესაძლია ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს.

ცესკოს განმარტებით, ჯერ არც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსია ჩატარებული და არც წევრებია გამოვლენილი.

ენმ–ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის საკითხზე საუბრობენ. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა არაა დადგენილი, უცნობი პირი ესაუბრება კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საუბნო კომისიის წევრების დაკომპლექტების თაობაზე.

აუდიოჩანაწერში დასახელებული არის ნინო მაისურაძე, ქართული ოცნების კომისიების კოორდინატორი კრწანისის რაიონში, რომელმაც სიები მიაწოდა კრწანისის საოლქო საარევნო კომისიის თავმჯდომარეს (დავით ფეტვიაშვილს) და საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი