ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ სმიტების მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა

27 აგვისტო, 2018 • 2577
სასამართლომ სმიტების მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა

დღეს, 27 აგვისტოს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის მხირდან არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, ხოლო მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს ეს რისკები კიდევ უფრო გაიზარდა და არ შემცირებულა.

მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს. მას ამისთვის ორი დღე აქვს.

2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მალხაზ კობაურის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

თავდაპირველად გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა, ხოლო ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ სმიტების მკვლელობა ორმა მისთვის უცხო პირმა ჩაიდინა.

გამოძიება ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობდა. მალევე, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ცნობილი გახდა, რომ მოკლულ ლორა სმიტის სხეულში აღოჩენილია მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი, რომელიც სექსუალური ხასიათის ქმედებაზე მიანიშნებს. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ ადვოკატი დავით გირგვლიანი, რომელმაც თავადვე შესთავაზა მალხაზ კობაურის დედას მისი შვილის ინტერესების დაცვა, საქმეს ჩამოშორდა.

მოგვიანებით სახაზინო ადვოკატები კვლავ კერძო ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ჩაანაცვლა. მალევე ცნობილი გახდა სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიკურად ჯანმრთელია.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.

მალხაზ კობაური – ხადახს ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული. 11.07.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი