ახალი ამბები

“მაკკეინის სახით ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი”- გიორგი მარგველაშვილი

26 აგვისტო, 2018 • 2050
“მაკკეინის სახით ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი”- გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას უსამძიმრებს.  როგორც ის განმარტავს, მაკკეინის სახით, საქართველომ დიდი მეგობარი დაკარგა.

“ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას. ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე იქცა პატრიოტიზმის, სიმართლისათვის ბრძოლის,ღირებულებებისათვის თავგანწირვისა და შემართების სიმბოლოდ, რომელიც საკუთარი შეუპოვრობით სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსათვის.

მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე განუზომელია, ფასდაუდებელია მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე დღეებში, ” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი. 

მისივე თქმით, სწორედ მაკკეინის თაოსნობით განხორციელდა არაერთი ინიციატივა, რომელიც ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და განმტკიცებას ისახავს მიზნად.

“ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მთელ ამერიკელ ხალხს. ჯონ მაკკეინის სახელი სამარადისოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში,” – აღნიშნავს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი