ახალი ამბები

სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

26 აგვისტო, 2018 • 4633
სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მანამდე, ტვინის სიმსივნით დაავადებულმა ჯონ მაკკეინმა მედიკამენტებით მკურნალობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს მაკკეინის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით.

ინფორმაცია დაავადების თაობაზე სენატორმა საზოგადოებას გასული წლის ზაფხულში გაუზიარა.

მაკკეინს ამერიკულ პოლიტიკაში თითქმის 40-წლიანი კარიერა ჰქონდა. იგი 6-ჯერ აირჩიეს არიზონას შტატის სენატორად, პირველად 1986 წელს, ხოლო ბოლოს – 2016 წელს. ომის ვეტერანი მაკკეინმა, რომელიც ვიეტნამის ომში მონაწილეობდა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ , 2000 და 2008 წლებში, მიიღო.

სენატორი მაკკეინმა საქართველოს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის გამოდიოდა. 2017 წელს საქართველოში ვიზიტისას, მაკკეინმა განაცხადა:

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და ადმინისტრაცია გააგრძელებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მხარდაჭერას. კონგრესისა და ადმინისტრაციის პოზიცია არ შეიცვლება. კვლავ ვიმუშავებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოსადმი მხარდაჭერა, გაგრძელდეს ქართული ჯარის წვრთნები. ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მადლიერი ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა და უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება. ” – ამბობს მაკკეინი და დასძენს, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დასაწესებლად იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელი სენატორი აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც აკრიტიკებდა. ასე მაგალითად, ჰელსინკიში ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრის შემდეგ ტრამპის სიტყვას მაკკეინმა “ამერიკის პრეიდენტის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გამოსვლა “ უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი