ახალი ამბები

ნახატი, რომელიც გერმანიას დავუბრუნეთ, კერძო კოლექციაში ინახებოდა – მთავრობა

25 აგვისტო, 2018 • 5952
ნახატი, რომელიც გერმანიას დავუბრუნეთ, კერძო კოლექციაში ინახებოდა – მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნახატი, რომელიც მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს გადასცა პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის (1616-1681) მიერაა შესრულებული ზეთის საღებავით ტილოზე.

ფერწერული ტილო მე-17 საუკუნისაა სახელწოდებით – “ნატურმორტი კურდღლით”. ის დრეზდენის გალერეის ექსპონატად ირიცხებოდა  და აქამდე დაკარგულად ითვლებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ის კერძო კოლექციონერის საკუთრებაში იმყოფებოდა ქუთაისში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოჩნდა ის მამუკა ბახტაძის ხელში მერკელისთვის გადასაცემად, უწყებაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ უშუალოდ ამ ვიზიტის წინ კერძო პირმა, რომელსაც არ სურს ვინაობის გამჟღავნება, გამოისყიდა და  გერმანიისთვის გადასაცემად მთავრობის ადმინისტრაციას გადასცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისში სტუმრად მყოფ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ნახატი აჩუქა.

როგორც ანგელა მერკელის ინსტაგრამზეა გამოქვეყნებული, ნახატი მე-17 საუკუნეშია შესრულებული და დრეზდენის მუზეუმში ინახებოდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1945 წელს დაიკარაგა. ნახატი საბჭოთა კავშირში მოხვდა, საბოლოოდ კი საქართველომდე მოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი