ახალი ამბები

რუსეთის ეკლესია კრემლის ჰიბრიდულ ომს ლოცავს, გავწყვიტოთ მასთან კავშირი – პოროშენკო

25 აგვისტო, 2018 • 3453
რუსეთის ეკლესია კრემლის ჰიბრიდულ ომს ლოცავს, გავწყვიტოთ მასთან კავშირი – პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში გამართულ სამხედრო აღლუმზე განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ “რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირთან” ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. ეს განცხადება პოროშენკომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გააკეთა.

პოროშენკოს თქმით, უკრაინამ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც უნდა გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი, რადგან ის რუსეთის ჰიბრიდულ ომს უკრაინის წინააღმდეგ ლოცავს და მხარს უჭერს.

‘ჩვენი თაობის უმთავრესი მიზანია, რომ დამოუკიდებლობა შეუქცევადი გავხადოთ, ვაქციოთ უკრაინა ძლიერ და დიდებულ ქვეყნად, რომელიც აღარასდროს დაუბრუნდება რუსეთის გავლენის ზონას”, – თქვა პოროშენკომ.

მისივე თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რუსეთისგან გამოყოფა, ისეთივე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც მაგალითად არმიის გაძლიერება, ენის დაცვა და ევროატლანტიკური სივრცისაკენ სწრაფვა.

“ეს ჩვენი ისტორიული გზის კიდევ ერთი მიზანი და დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია”, – თქვა პოროშენკომ რუსეთის ეკლესიისაგან გამოყოფის თემაზე.

უკრაინამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი