ახალი ამბებიკომენტარი

გერმანიას ისეთი სიტუაცია სურს, სადაც ყველა მხარე მოგებული იქნება – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

24 აგვისტო, 2018 • 5152
გერმანიას ისეთი სიტუაცია სურს, სადაც ყველა მხარე მოგებული იქნება – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

რით იყო გამორჩეული გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოსთვის, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო ევრო-ატლანტიკური ინტერგრაციის გზაზე, დამკვიდრდება თუ არა სიტყვა ოკუპაცია გერმანიის საგარეო პოლიტიკაში? ნეტგაზეთმა გერმანიიის კანცლერის ვიზიტი პოლიტოლოგთან, კორნელი კაკაჩიასთან საუბრისას შეაჯამა:

მთლიანობაში ეს ვიზიტი საქართველოთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველო ასეთი დონის ვიზიტებით განებივრებული არ არის.  თუ არ ჩავთვლით ჯორჯ ბუშის ვიზიტს, ასეთი მაღალის დონის ვიზიტი არ ყოფილა. მართალია, 2008 წელს ანგელა მერკელი ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ ეს იყო კრიზისული სიტუაცია და არა საქმიანი, გააზრებული ვიზიტი.

ამის მიუხედავად, სასურველი იქნებოდა, რომ მომავალში ასეთი ვიზიტები არა სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, სადაც საქართველო არ იყო ძირითადი მიმართულება, არამედ ცოტა სხვა სამკუთხედში დაიგეგმოს. ეს გააძლიერებდა გერმანიის მესიჯინგს რეგიონული თვალსაზრისით.

მთლიანობაში, დღეს მეტნაკლებად მოხერხდა იმ აქცენტებზე ყურადღების გამახვილება, რასაც ქართული საზოგადოება ელოდა. კი, ისეთი საკითხებიც იყო, რაც შეიძლება ბევრს არ ესიამოვნა, მაგრამ აქ ახალი არაფერი ყოფილა. გერმანია სკეპტიკურად უყურებს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, ეს ჩვენ აქამდეც ვიცოდით და იმაზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივა უახლოეს 5 წელიწადში არ არის.  ეს მოცემულობაა, რომელსაც ჩვენ ცოტა ხნის განმავლობაში ვერ შევცვლით.

ტრადიციული ნაწილი, რომ ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ, ეკონომიკური დახმარება – ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო მაინც.

  • დღევანდელ შეხვედრაზე მერკელმა აღნიშნა, რომ საქართველო ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების შემდეგ, უკრაინასთან ერთად, გახდება შემდეგი რგოლი – რას ნიშნავს ეს განცხადება? წევრობის დაპირებას? დროის რა პერსპექტივაა ეს?

ეს არის, ალბათ, ის შეკითხვა, რომელიც ბევრს აინტერესებს. სავარაუდოდ, ასე რომ დავიანგარიშოთ, ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 5-10 წლის განმავლობაში ბალკანეთის სრული ინტეგრაცია უნდა მოხდეს ევროპულ სივრცეში. ეს არის აუცილებელი ამოცანა და ამის შესახებ დებატები ევროპაში აღარ არის. ამის შემდეგ დგება ის პერიოდი, როდესაც ევროკავშირში, ჩვენ არ ვიცით იმ დროს რა განწყობები იქნება, რა მოხდება, მაგრამ უკვე დგება შემდეგი გაფართოების ეტაპი და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ იმ პერიოდისთვის საქართველოს ბმა  სამხრეთ კავკასიასთან კი არ უნდა იყოს…

  • მერკელი დღეს ამ კონტექსტში საქართველოზე და უკრაინაზე ერთად საუბრობდა…

კი, უკრაინასთან და მოლდოვასთან. მოლდოვა იმდენად ახლოს არის, ფაქტიურად ამის უგულებელყოფას ვერავინ შეძლებს. საერთოდ არაფერი რომ არ გააკეთოს მოლდოვამ, იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ მისი გაწევრიანება ევროპაში არავითარი პრობლემა არ არის, განსხვავებით უკრაინისგან, რომლის გაწევრიანებაც და ინტეგრაციაც რთულია იმიტომ, რომ ეს ქმნის სხვა უხერხულ პრობლემებს, მათ შორის თურქეთთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დიდი ხანია ელოდება ამ მომენტს. ძალიან არასწორად იქნება აღქმული, რომ უკრაინა თურქეთის წინ გაწევრიანდეს.

ეს არის მომავალი ჰიპოთეტური თემები, მაგრამ როდესაც დადგება ეს საკითხი, მაგ დროისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა გამოიკვეთოს, როგორც თავის დროზე ვიშეგრადის ჯგუფი იყო, ან ბალტიისპირეთის ჯგუფი. ეს იმისთვის, რომ ევროკავშირმა სტრატეგიულად ის კი არ იკითხოს, შემდეგი ვინ იქნებაო – ეს თავისთავად მოცემულობა იყოს.

ეს დისკურსი უკვე დაწყებულია, მაგრამ მთლად გამჯდარი არ არის და გერმანიის პოლიტიკა ინერციით გვათავსებს სამხრეთ კავკასიის კალათში, საიდანაც ევროპული პერსპექტივა, სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც რეალისტური არ არის, რადგან სომხეთი სადაც არის ვიცით, აზერბაიჯანს საერთოდ არ აინტერესებს ევროპული ინტეგრაცია და, ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება რაღაც ჯგუფი, რადგან საქართველო გეოგრაფიულად საკმაოდ შორსაა.

  • თქვენ არ ფიქრობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანია საქართველოს როგორც ლიდერს ხედავს ევროინტეგრაციის გზაზე?

ლიდერად, როგორც ასეთი, ხედავს, მაგრამ გერმანიის საგარეო პოლიტიკაში საქართველო მიბმულია სამხრეთ კავკასია/ცენტრალურ აზიასთან. გადახედეთ თბილისში ახლა ჩამოსულ დელეგაციას, ეს ძირითადად ის ხალხია, ვინც ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაზე მუშაობს. მათთან რომ მოიაზრები პოლიტიკურად, ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით პრობლემურია.

აქედან გამომდინარე, ჩვენი იდენტობა უნდა გავაძლიეროთ უკრაინასთან. როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოყოფა მოხდა პოსტსაბჭოთა სივრციდან. ზუსტად იგივე მოდელი უნდა ამუშავდეს ამ სამ ქვეყანასთან დაკავშირებით.

ჩვენ რომ დაველოდოთ, ბელორუსში დემოკრატია როდის გაიმარჯვებს, აზერბაიჯანში რაღაც მოხდება და სომხეთში, ეს იქნება ძალიან დიდი ხნის პერსპექტივა.

  • მერკელის დამოკიდებულება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სკეპტიკურია და გერმანიის პოზიცია პრაქტიკულად არ შეცვლილა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ – როგორ ფიქრობთ, რატომ და სად არის გამოსავალი, რომ საქართველომ შეძლოს გერმანიის სკეპტიციზმის შერბილება?

რატომღაც გერმანიის პოლიტიკურ წრეებში ჩამოყალიბდა ასეთი ნარატივი, რომ თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ეს აუცილებლად რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ნარატივი აბსოლუტურად უსაფუძვლოა, მაგრამ თავის დროზე რუსეთი არ იყო ბალტიის ქვეყნების მიღების წინააღმდეგი?!

გერმანიისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთთან ჩართული იყოს დიალოგის რეჟიმში. დღევანდელ სიტუაციაში გერმანიის ხელისუფლებას არ შეუძლია, საქართველოს გამო უგულებელყოს ეს ორმხრივი ურთიერთობა. რუსეთთან ურთიერთობა ასევე მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. ყველამ იცის, რომ უხერხული პარტნიორია, მაგრამ აუცილებლად სჭირდებათ. ამიტომ ცდილობენ, რუსეთი არ გააღიზიანონ.

იმედი აქვთ, რომ რუსეთში ტრანსფორმაცია მოხდება, ამასობაში საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები უკვე წამოიწევენ ეკონომიკურად და პოლიტიკურად და თავად რუსეთი მიხვდება, რომ ეს გარდაუვალია. შეიძლება ითქვას, იდეალისტური ხედვაა. გერმანიას უნდა, რომ ისეთი სიტუაცია იყოს, სადაც ყველა მხარე მოგებული დარჩება. რუსეთი კი მის სამეზობლოში ნატოს ან ევროკავშირის გაფართოებას უყურებს, როგორც ნულოვან ჯამიან თამაშს. ავტომატურად თვლის, რომ ის წაგებაშია. ეს არის პრობლემა.

  • ოკუპაციასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ამ ტერმინის გამოყენებას გერმანიის კანცლერის მხრიდან რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ ფიქრობთ, რომ თავს არიდებდა ამ ტერმინის გამოყენებას?

ეს ტერმინი სტუდენტებმა გამოძალეს მას. ეს არ არის ტიპურად გერმანული დიპლომატიისთვის დამახასიათებელი. ამიტომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ტერმინი, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში მერკელმა გამოიყენა, გერმანულ საგარეო პოლიტიკაში დამკვიდრდება. გერმანიას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით და ეს იყო მიზეზი, რის გამოც იგი ერიდებოდა ოკუპაციის თქმას. მას, უბრალოდ, სხვა გზა არ დაუოტოვეს.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვერ დამკვიდრდა გერმანულ პოლიტიკურ ლექსიკონში ეს ტერმინი, 2008 წლის კონფლიქტია. მაშინ გერმანული პოლიტიკური წრეების ნაწილი მიიჩნევდა, რომ საქართველოც არ იყო მთლად “უცოდველი” უკრაინის კრიზისისგან განსხვავებით. აქედან გამომდინარეა, რომ ისინი ერიდებიან ტერმინს ოკუპაცია.

  • მაინცდამაინც უკრაინის კონტექსტშიც არ უხსენებია სიტყვა ოკუპაცია…

მაგ შემთხვევაშიც კი იკავებენ თავს. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი ტერმინების გამოყენება პირველი პირების მხრიდან, ან ოფიციალურ დოკუმენტებში, ხელს უშლის რუსეთთან მოლაპარაკებას. თვლიან, რომ თუ სულ ოკუპანტი უძახე, დიალოგი აღარ შედგება. ცდილობენ, ხისტი ტერმინოლოგია დაუთმონ ამერიკელებს ან ნატოს სხვა წევრ სახელმწიფოებს. თავად კი მომრიგებლის როლის თამაშს ცდილობენ. მომრიგებელი კი ხისტი ენით ვერ ისაუბრებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეალობას საკუთარი სახელი არ უნდა დავარქვათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი