ახალი ამბებიკომენტარი

3 მნიშვნელოვანი საკითხი მერკელის გზავნილებიდან

24 აგვისტო, 2018 • 4543
3 მნიშვნელოვანი საკითხი მერკელის გზავნილებიდან

გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ანალიტიკოსი ბიძინა ლებანიძე 3 საკითხს გამოყოფს, რომლის შესახებაც ანგელა მერკელმა თბილისში ისაუბრა: სამუშაო კვოტები, თანამშრომლობა ბიზნესს შორის და პოლიტიკური მხარდაჭერა.

როგორც მან ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, საქართველოსა და ბალკანეთის ერთ კონტექსტში მოხსენიება, განსაკუთრებით სამუშაო კვოტების გამოყოფის საკითხში, მნიშვნელოვანია.

“გერმანიას უკვე აქვს მსგავსი რეგულაციები ბალკანეთის ქვეყნებთან და კარგი იქნება, თუ საქართველოშიც დანერგავენ იგივეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული დროით გერმანიაში ლეგალური მუშაობა შეეძლოთ”.

რაც შეეხება საქართველოთი გერმანული ბიზნესის დაინტერესებას, ანალიტიკოსი ამბობს:

“რამდენადაც ვიცი, მერკელს ბევრი მსხვილი კორპორაციის ხელმძღვანელი ჩამოჰყვა, მათ შორის გერმანიის რკინიგზის, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში თავის სფეროში. გერმანელები ინვესტიციების მხრივ საქართველოში ბოლო დრომდე ძალიან ფრთხილობდნენ, მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს გერმანულ „ტაკომს“ თბილისის აეროპორტის ტენდერი უსამართლოდ წაართვეს. თუკი გერმანული ინვესტიციები გაიზრდება, ეს დაასტაბილურებს ქართულ საინვესტიციო ბაზარს და შეიძლება ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდანაც მეტი ინვესტიცია მოჰყვეს”, – ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, კანცლერის მხრიდან მნიშნელოვანია პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურება, რაც “სიახლე არ არის, მაგრამ დროდადრო ევროპის წამყვანი ლიდერებისგან ამის გაგონება მაინც სასიამოვნოა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა საქართველოს აქტუალობამ საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად დაიკლო”.

ევროკავშირში გაწევრების თვალსაზრისით მერკელმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ევროპულ ამბიციებს მხარს უჭერს, “მაგრამ ნაჩქარევ დაპირებებს ვერ გასცემს”.

“იცით, რომ პერსპექტივაში გვყავს ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი. ჯერჯერობით არა არის საუბარი გაწევრებაზე, ეტაპობრივად უნდა მივიდეთ აქამდე, რომ ამაზე საუბრები დავიწყოთ”, – განაცხადა კანცლერმა.

ბიძინა ლებანიძე ფიქრობს, რომ ამ კუთხით მერკელს რეალურად ახალი არაფერი უთქვამს.

“ეს არის ევროკავშირის ყველასთვის ცნობილი პოზიცია, რომ ამ ეტაპზე გაფართოებას აღარ აპირებენ. თუმცა ბალკანეთის კონტექსტში მოხსენიება მაინც პოზიტიური სიახლეა, აქამდე ამასაც არ აკეთებდნენ. რაც შეეხება დროის კონკრეტულ პერიოდს, ბალკანეთის ქვეყნებს კიდევ მინიმუმ 5-10 წელი დასჭირდებათ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ზოგს უფრო მეტიც. საქართველო თუ შემდეგი რგოლია, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ,  ამას კიდევ რამდენი წელი უნდა დავუმატოთ. მანამდე უპრიანი იქნებოდა, საქართველომ ყურადღება ინტეგრაციის სხვა ფორმატებზე შეაჩეროს, თუნდაც ნორვეგიის ფორმატზე, რომელიც ევროკავშირის დე ფაქტო წევრობას და ევროკავშირთან სრულ ეკონომიკურ და საბაზრო ინტეგრაციას ითვალისწინებს, მუშაობის შეუზღუდავი უფლების ჩათვლით”, – ამბობს ლებანიძე ნეტგაზეთთან.

რაც შეეხება ნატოზე მერკელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ალიანსში საქართველოს სწრაფად გაწევრების პერსპექტივას ვერ ხედავს, ანალიტიკოსი ამბობს:

“სამწუხაროდ, საქართველო ახლო მომავალში ნატოს წევრი ფორმალურად ვერ გახდება. არამარტო გერმანია, წინააღმდეგია საფრანგეთიც და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები, და ჯორჯ ბუშის შემდეგ აშშ-ის ორივე ადმინისტრაციაც ცალყბად უჭერდა მხარს საქართველოს ნატოს წევრობას. გამოსავალი არის აქაც იგივე, რაც ევროკავშირის შემთხვევაში: უნდა მოხდეს არაფორმალური არხების გააქტიურება, ორმხრივი სამხედრო კავშირების გაღრმავება აშშ-თან, საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთან, იგივე პესკოსთან – ევროკავშირის ახალ სამხედრო სტრუქტურასთან ასოცირებულ წევრობაზე მუშაობა. ამ ნაბიჯებით საქართველომ უნდა მიაღწიოს დასავლეთთან სამხედრო და პოლიტიკური ინტეგრაციის ისეთ დონეს, რომ ნატოში გაწევრება მხოლოდ ფორმალურ საკითხად იქცეს. ლოგიკა არის მარტივი – როდესაც არ გიღებენ წინა კარიდან, უნდა შეხვიდე უკანა კარით. ეს მეთოდი საერთაშორისო პოლიტიკაში ხშირად ამართლებს”, – აცხადებს ბიძინა ლებანიძე.

ის ასევე მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მერკელმა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას ოკუპაცია უწოდა.

“რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია. ზოგადად, ეს გერმანული პოლიტიკური კულტურის ნაწილიცაა, რომ გერმანელი პოლიტიკოსები ცდილობენ აიცილონ მკვეთრი გამონათქვამები და თვით მერკელიც ფრთხილი პოლიტიკოსია. ამიტომ, რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ ამას და რაც მეტად დამკვიდრდება გერმანიის პოლიტიკურ წრეებში აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიება, რა თქმა უნდა, მით უკეთესია”, – განაცხადა ლებანიძემ.


ბიძინა ლებანიძე არის ბერლინის სკოლის, ეკონომიკისა და სამართლის მოწვეული ლექტორი, ასევე, მკვლევარი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში და სამეცნიერო საზოგადოების წევრი ‘’Kolleg-Forschergruppe’’- ში. 2014 წლიდან ის ატარებს კვლევას FP7 პროექტ MAXCAP (Maximizing the integration capacity of the European Union) ფარგლებში. მას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის ასევე მუშაობდა კონრად ადენაუერის ფონდში და იყო ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბიძინა ლებანიძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი