ახალი ამბები

საპრეზიდენტო კანდიდატზე “ქართული ოცნების” პოზიცია ალბათ სექტემბერში გახდება ცნობილი – კობახიძე

24 აგვისტო, 2018 • 1903
საპრეზიდენტო კანდიდატზე “ქართული ოცნების” პოზიცია ალბათ სექტემბერში გახდება ცნობილი – კობახიძე

საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატზე ინფორმაცია, სავარაუდოდ, სექტემბერში გახდება ცნობილი. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია საკუთარ პოზიციას 8 სექტემბრის შემდეგ დააფიქსირებს.

„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირები​თ „ქართული ოცნების“ პოზიცია, ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება, ანუ 8 სექტემბრის შემდეგ, სავარაუდოდ, და ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი სავარაუდოდ არ ეყოლება. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, მნიშვნელოვანია ნეიტრალური პრეზიდენტის ყოლა, რომელიც პოლიტიკური პარტიების გავლენისგან თავისუფალი იქნება.

“პრეზიდენტის პოსტზე პარტიული კანდიდატის არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტს გაუჭირდება ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციის ზედმიწევნით შესრულება. პრეზიდენტის პოსტზე “ქართული ოცნების” კანდიდატის არჩევა მით უფრო არასასურველია იმ პირობებში, როცა “ქართული ოცნება” მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობების ორგანოებში. “ქართული ოცნება” უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენაზე,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება.  ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე, “გირჩის” კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი