ახალი ამბებიეკონომიკა

გერმანიამ გაზსაცავის მშენებლობისთვის საქართველოს სესხი გამოუყო

24 აგვისტო, 2018 • 3154
გერმანიამ გაზსაცავის მშენებლობისთვის საქართველოს სესხი გამოუყო

გერმანიამ საქართველოს სესხი გამოუყო სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ მიცემული სესხის მოცულობა 150 მილიონი ევროა. უწყების ცნობით, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული  უსაფრთხოება.

“პროექტი მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას, მათ შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, საქართველოში გაზის იმპორტის დაუგეგმავი, ავარიული შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საცავიდან ქვეყნის მომხმარებლების გაზით შეუფერხებელი მიწოდება,”  – წერია განცხადებაში.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ გაზსადენში 300 მლნ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. გაზსადენზე მუშაობას კორპორაცია 2019 წლიდან დაიწყებს. პროექტის დასრულება კი 2022 წელს იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი