რა თქვა მერკელმა ქართველი თავშესაფრის მაძიებლებისა და უვიზო რეჟიმის საკითხზე

“საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა”, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისში, მამუკა ბახტაძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა უვიზო რეჟიმის კონტექსტში.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ზამთარში გერმანულ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში საქართველოს მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობდნენ, რომლებიც ქვეყანაში უვიზოდ ჩავიდნენ და იქ თავშესაფარს ითხოვდნენ. დღეისათვის გერმანიის მთავრობა პარლამენტს სთხოვს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანია დაჩქარებულ ვადებსა და პროცედურებში განიხილავს საქართველოს მოქალაქეების განაცხადებს თავშესაფრის მოთხოვნაზე.

მერკელის თქმით, თავდაპირველად, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან გერმანიაში მართლაც ბევრი ადამიანი ჩავიდა თავშესაფრის საძიებლად, თუმცა დღეისათვის ეს რაოდენობა შემცირებულია და, როგორც მას საქართველოს პრემიერმა უთხრა, კიდევ უფრო შემცირდება.

ამ საკითხს საქართველოს პრემიერიც გამოეხმაურა პრესკონფერენციაზე. ბახტაძის თქმით, იანვართან შედარებით ზაფხულში საქართველოდან გერმანიაში ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 70%-ით შემცირდა.

“ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით. სტატისტიკა 70 პროცენტით შემცირებულია. ეს კარგი პროგრესია, კარგი კოორდინაციაა უწყებებს შორის. ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება. ჩვენ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ, რომ არავინ ისარგებლოს ბოროტად ამ მონაპოვრით. მინდა ორივე ქვეყნის შესაბამის უწყებებს მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ბახტაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com