ახალი ამბები

მერკელი: საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში მნიშვნელოვანი პარტნიორია

23 აგვისტო, 2018 • 2743
მერკელი: საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანგელა მერკელმა ასევე იმ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია გერმანიასთან ურთიერთობის ფარგლებში: “ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერება და გაღრმავება…”

მერკელის თქმით, გერმანული მხარე საქართველოსთან ჯერჯერობით იმ ინსტრუმენტების გაფართოებაზე მუშაობს, რაც უკვე არსებობს, ხოლო მისი ვიზიტი ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

“ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, ეს არის ვიზალიბერალიზაცია – ეს არის ის ასპექტები და მონაპოვარი, რაც გვაქვს. ვისურვებდი გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ჩამოვიდა. საქართველოს შემდეგ ანგელა მერკელი ერევანსა და ბაქოს ეწვევა. მერკელის თბილისში ყოფნის ორდღიანი პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი