აზია არჯენტო არასრულწოვანთან სექსუალურ კავშირს უარყოფს

იტალიელი მსახიობი და კამპანია #metoo-ს ერთ-ერთი გამორჩეული სახე აზია არჯენტო სექსუალური შევიწროების ბრალდებას უარყოფს.

აზია არჯენტოს და 18 წელს მიუღწეველ პირს შორის შესაძლო სექსუალური კავშირის შესახებ პირველად სტატია ნიუ-იორკ ტაიმსმა მოამზადა, გაზეთმა გაასაჯაროა დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, აზია არჯენტომ ჯიმი ბენეტს 380 000 დოლარი გადაუხადა მას შემდეგ, რაც ბენეტმა იგი სექსუალურ თავდასხმაში დაადანაშაულა. ბენეტი არჯენტოს შვილს თამაშობდა 2004 წელს გამოსულ ფილმში, ხოლო თავად სადავო შემთხვევა 2013 წელსკ ალიფორნიაში მოხდა, როცა არჯენტო 37 წლის, ხოლო ბენეტი 17 წლის იყო. კალიფორნიის კანონის თანახმად, სექსზე თანხმობის ასაკი 18 წელია.

აზია არჯენტო ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, ვინც ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში, მათ შორის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ნიუ იორკ ტაიმსის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომლებიც არჯენტოს მიერ თანხის გადახდის შესახებაა, ასევე ამბობს, რომ ბენეტმა ამ გამოცდილებით ტრავმა მიიღო, რამაც მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა და კარიერა დააზარალა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აზია არჯენტომ განცხადება გაავრცელა. მსახიობი ამბობს, რომ მას არასდროს ჰქონია სექსუალური ურთიერთობა ბენეტთან და უარყოფს იმ ბრალდებებს, რაზეც ნიუ იორკ ტაიმსის სტატიაშია საუბარი. არჯენტო ასევე ადასტურებს იმას, რომ ბენეტს ფული გადაუხადა:

“შოკირებული ვიყავი იმ სტატიით, რომელიც აბსოლუტურად ტყუილია. ჩემი და ბენეტის ურთიერთბა მხოლოდ მეგობრული იყო, თუმცა ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებული გამოსვლების შემდეგ იგი მოულოდნელად დამიკავშირდა და ჩემგან თანხა მოითხოვა”,- ამბობს არჯენტო.

მსახიობის ცნობითვე, მისი პარტნიორი ენტონი ბურდენი შიშობდა იმ ნეგატიური ეფექტის გამო, რაც შეიძლებოდა ბენეტს წყვილისთვის მოეტანა:

“ამიტომ ჩვენ გადავწყიტეთ თანაგრძნობით მოვკიდებოდით დახმარებას, რომელსაც ბენეტი ითხოვდა და მისი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ”,- აცხადებს არჯენტო.

ენტონი ბურდენმა 2018 წლის ივნისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გაავრცელა ბენეტმაც. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც არჯენტო ვაინშტაინის წინააღმდეგ საჯაროდ გამოვიდა, როგორც მსხვერპლი, მისი ტრავმა განახლდა:

“აქამდე საჯაროდ არ გამოვედი, რადგან საზოგადოებრივი აზრის მეშინოდა. ეს შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თინეიჯერი ვიყავი და ვცდილობდი სამართალი მეპოვა იმ გზებით, რაც ჩემთვის მისაღები იყო. მაშინ ამ ამბის გასაჯაროებისთვის მზად არ ვიყავი”,- წერს ბენეტი ინსტაგრამზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com