ახალი ამბები

მშობლის თქმით, აუტიზმის გამო ის და მისი შვილები რეისიდან მოხსნეს

23 აგვისტო, 2018 • 10957
მშობლის თქმით, აუტიზმის გამო ის და მისი შვილები რეისიდან  მოხსნეს

ნანა ანთიძე ამბობს, რომ დღეს, 23 აგვისტოს, გამთენიისას, ქუთაისის აეროპორტიდან ორ შვილთან ერთად საბერძნეთში ბრუნდებოდა. მისი თქმით, რეისიდან მათი მოხსნა ნანას შვილის, 6 წლის გაბრიელის მდგომარეობას უკავშირდებას. გაბრიელს აუტიზმი აქვს.

გაბრიელი საბერძნეთში ცხოვრობს, იქ დადის სკოლაში და ასევე გადის თერაპიას. როგორც ნანა ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რადგან სკოლა ზაფხულობით ისვენებს, ზაფხულში საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. მისივე თქმით, აქ დედა, ბავშვების ბებია, დაეხმარებოდა ბავშვების მოვლაში.

საქართველოში ყოფნისას მოულოდნელად გაბრიელის მდგომარეობა გართულდა. დედის თქმით, იგი მხოლოდ ავტომობილში ჩერდება, სახლში გაჩერება კი უჭირს. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება ადრე დაბრუნებულიყო. როგორც ნანა ანთიძე ამბობს, ბავშვის მდგომარეობის შესახებ კომპანია  “Wiz Air”-ს შეატყობინა, ისიც აუხსნა, თუ რატომ მიიღო ბილეთების გადაცვლის და ნაადრევად გაფრენის გადაწყვეტილება.  ბილეთის გადაცვლა, მისი თქმით, 1800 ლარი დაუჯდა.

ფრენა 23 აგვისტოს, დილით 07:10 საათზე იყო დანიშნული, ნანას თქმით, ოჯახი აეროპორტში 2 საათით ადრე მივიდა. რეგისტრაციის ადგილას, სადაც ბარგს აბარებენ,  გაფრენაზე უარი უთხრეს. როგორც თავად ამბობს, გაბრიელი უკვე დამშვიდებული იყო, ადგილზე სასწრაფოც გამოიძახეს, რომელიც მიიჩნევდა, რომ ბავშვი ფრენისთვის მზად იყო.

ნანა ანთიძის ინფორმაციით, მიზეზი, რატომ მოხსნეს რეისიდან, არ განუმარტეს, თუმცა ამბობს, რომ ბორტზე მათი დაშვების წინააღმდეგი პილოტი იყო. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წელია დაფრინავს, ასეთი რამ პირველად შეემთხვა. სხვა ავიაკომპანიაბთან მსგავსი პრობლემა არასდროს ჰქონია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მგზავრობისთვის Wiz Air-ს იყენებს.

უახლოესი ფრენა ათენის მიმართულებით კომპანიას 26 აგვისტოს აქვს დანიშნული. ნანა ანთიძე ითხოვს, რომ ამ რეისით მაინც შეძლონ მან და მისმა შვილებმა საბერძნეთში დაბრუნება.

კომპპანია “Wiz  Air”-ს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა არ ჰყავს, ის საკომუნიკაციო კომპანიასთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს მედიასთან და მომხმარებლებთან ურთიერთობას. ნეტგაზეთი აღნიშნულ კომპანიას და აეროპორტების გაერთიანებას დაუკავშირდა. განგვიცხადეს, რომ მომხდარს იკვლევენ. ნეტგაზეთი პასუხის მიღებისთანავე მათ პოზიციას შემოგთავაზებთ.

განახლება

Wizz Air აუტიზმის მქონე ბავშვის მოხსნის გამო ბოდიშს იხდის

აუტიზმის მქონე ბავშვი ოჯახთან ერთად 26 აგვისტოს ათენში უფასოდ გაფრინდება – აეროპორტების გაერთიანება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი