ახალი ამბები

ტრამპის კრიტიკის შემდეგ მერკელი აზერბაიჯანულ გაზს უმიზნებს

23 აგვისტო, 2018 • 3775
ტრამპის კრიტიკის შემდეგ მერკელი აზერბაიჯანულ გაზს უმიზნებს

მას შემდეგ, რაც აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა გერმანიის მთავრობა რუსეთის გაზზე დამოკიდებულების გამო, მერკელი აზერბაიჯანში ბუნებრივი გაზის მიწოდების ალტერნატიული გზების მოსაძიებლად ჩადის.

როიტერსი” იუწყება, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის მიზანი ბუნებრივი გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების მოძიებაა. გერმანია ასევე ჩართული იქნება “ნორდ სტრიმ 2″–ის გაზსადენში, რომლითაც გერმანია რუსეთიდან იღებს გაზს.

“ჩვენ დიდად ვართ დაინტერესებული სამხრეთის კორიდორის განვითარებით”, – გერმანელი საჯარო მოხელის სიტყვებს ავრცელებს როიტერსი.

აზერბაიჯანული გამოცემა “trend” წერს, რომ გერმანია დაინტერესებულია სამხრეთის კორიდორის განვითარებით, რათა ევროპამ ალტერნატიული გზით მიიღოს გაზი თურქეთის გავლით.

“ენერგიის მიწოდების კუთხით აზერბაიჯანი დიდი გეოპოლიტიკური მნიშნელობის ქვეყანაა. ბერლინი მზადაა მიიღოს ბუნებრივი გაზი თურქმენეთიდან, ირანიდან და ერაყიდან”, – ამბობს საჯარო მოხელე.

ტრანსანატოლიური გაზსადენი, ტრანსადრიატიკულ გაზსადენთან ერთად, სამხრეთის კორიდორის ნაწილია, რომლის გზითაც გაზი აზერბაიჯანიდან ევროპას მიეწოდება.

ტრანსატლანტიკური გაზსადენი 16 მილიარდ კუბურ მეტრს გაატარებს, აქედან 6 მილიარდი მიეწოდება თურქეთს, დანარჩენი კი, ევროპას. ტრანსანატოლიური გაზსადენის დასრულება 2020 წელსაა დაგეგმილი.

ანგელა მერკელის სტუმრობა ბაქოში 25 აგვისტოსაა დაგეგმილი. 24 აგვისტოს კანცლერი ერევანს ეწვევა, დღეს, 23 აგვისტოს კი თბილისში ჩამოვა.

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 2018 წლის 11 ივლისს, ბრიუსელის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ გერმანიას რუსეთი ტოტალურად აკონტროლებს ენერგოდამოკიდებულების გამო.

“გერმანია ტოტალურად კონტროლდება რუსეთის მიერ, რადგან ისინი 60% – 70%-მდე გაზს, ენერგიას მიიღებენ რუსეთისგან და ახალი მილსადენიდან”, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ეს “ნატოსთვის ძალიან ცუდია”.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საპასუხოდ აღნიშნა,  რომ აქვს იმ დროის გამოცდილება, როცა გერმანიის ნაწილი საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლდებოდა, თუმცა ის ახლა დარწმუნებულია, რომ მთელი ქვეყანა დამოუკიდებელია. მერკელმა ასევე აღნიშნა გერმანიის წვლილი ალიანსში.

ტრამპი ამბობს, რომ გერმანიას რუსეთი აკონტროლებს -როგორ პასუხობს მერკელი

მასალების გადაბეჭდვის წესი