ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაურ კოვე: აფხაზეთი თანასწორი დიალოგისთვის მზადაა

22 აგვისტო, 2018 • 6092
დაურ კოვე: აფხაზეთი თანასწორი დიალოგისთვის მზადაა

“ნებისმიერი კონსტრუქციული დიალოგი გულისხმობს გულწრფელობას, ღიაობას და თანასწორობას. ის უნდა იყოს თავისუფალი ორმაგი სტანდარტებისგან. აფხაზეთის რესპუბლიკა თანასწორ და ურთიერთპატივსაცემაზე დამყარებული დიალოგისთვის მზადაა. მხოლოდ ასეთ მიდგომას შეუძლია ხელი შეუწყოს ორმხრივ ნდობასა და საერთაშორისო კონტაქტების განვითარებას”, – აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე სოხუმში გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით “აღიარების 10 წელი: შედეგები და პერსპექტივები”.

აფხაზმა მინისტრმა იმ ბარიერების შესახებაც ისაუბრა, რაც აფხაზეთს საერთაშორისო იზოლაციის კუთხით აქვს. მან აღნიშნა, რომ
“არსებული ბარიერების მიუხედავად, სირიის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ, კვლავ მიმდინარეობს სამუშაო აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების კუთხით.”

“მშვენივრად იცით, რის შესახებაც არის საუბარი, მაგრამ ამის თაობაზე სულ მუდამ გვაქვს ლაპარაკი, რადგანაც ეს არის რეალობა, რომლის გათვალისწინებაც გვიწევს: ვმუშაობთ საერთაშორისო კონიუნქტურის არასასურველ პირობებში, საერთაშორისო ურთიერთობებში მზარდ დაძაბულობასა და კონფრონტაციაში. ყოველივე ეს ღრმავდება აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკით, რომელსაც საქართველო ატარებს. ეს პოლიტიკა ჩვენს ინტერესებს გარკვეულ ზიანს აყენებს. ყოველი ჩვენგანი მეტ-ნაკლებად აღმოჩენილა სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის წინაშე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირდება ან მისი კარნახით ხორციელდება.

მუდმივად ვაწყდებით საქართველოს ე.წ. მეგობარი ქვეყნების მხრიდან ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას. ამ ნეგატიური ტენდენციის დაძლევას და ქართული მხარისთვის წინააღმდგობის გაწევას პოლიტიზებული პროპაგანდისტული პროდუქციით გაჟღენთილი სივრცის შევსებით ვდილობთ. ვეძებთ საერთაშორისო აუდიტორიასთან დაახლოების ახალ არხებს, სხვა ქვეყნების მედიარესურსებს აფხაზეთის რესპუბლიკის პოპულარიზაციისთვის ვიყენებთ. ამ პრობლემას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც ვაყენებთ”, – ამბობს დაურ კოვე.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები რუსეთის მიერ 2008 წელს აღიარების 10 წლისთავს ზეიმობენ. რუსეთის გარდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ აღიარეს.

დაურ კოვე; ფოტო: აპსნიპრესი/apsnypress.info

მასალების გადაბეჭდვის წესი