ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, “მთავრობა IBSU-ს თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით ანადგურებს”

22 აგვისტო, 2018 • 4394
სააკაშვილის თქმით, “მთავრობა IBSU-ს თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით ანადგურებს”

შავი ზღვის უნივერსიტეტის განადგურება, ვითომ ფორმალური პროცედურების დაცვის გამო, სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და არანაირი გამართლება არ აქვს…”, – ამ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სააკაშვილის თქმით, მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს – “კერძოდ, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას, რომელსაც სურს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგების სხვა ქვეყანაში დასჯა…”

“მე ძალიან ბევრი გავაკეთე თურქეთთან კარგი ურთიერთობებისთვის და მიმაჩნია, რომ მეზობელთან კარგი ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. ამავე დროს, ეს ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას. ვთვლი,რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის განადგურება ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა. ივანიშვილი კიდევ ერთხელ ლახავს ჩვენს ეროვნულ ღირსებას. უამბიციო ქვეყნებს კი არავინ სცემს პატივს. თუ თურქეთი გამოდის თავისი ინტერესებიდან, ჩვენ უნდა გამოვიდეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი უფლებები განათლებაზე. საქართველოს მომავალი ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად შეცვლის ივანიშვილს ოქტომბრის არჩევნებზე, არავის დაისვამს თავზე და არ გაათელინებს ჩვენს ღირსებას. მოვუწოდებ საქართველოს ყველა უმაღლეს დაწესებულებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს, წინ აღუდგნენ ამ უსამართლობას უკვე დღესვე”, – აცხადებს სააკაშვილი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) იმედოვნებენ, რომ სტუდენტების ახალი ნაკადის მიღების ერთწლიანი შეზღუდვა პოლიტიკური გავლენით მიღებული გადაწყვეტილება არ არის.

“გვინდა გვჯეროდეს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და გარეშე ძალების გავლენებისგან დაცლილი. გვინდა გჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი შორს დგას პოლიტიკისგან,”- უთხრა “ნეტგაზეთს” IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე სუხიშვილმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის (IBSU) სტუდენტების მიღების პროცესის შეჩერების მიზეზად სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანებას ასახელებენ. საუბარია 700 ათას ლარზე. IBSU-ს ინფორმაციით, 2013 წელს უნივერსიტეტს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა 700 ათასი ლარის ოდენობით.

“ავტორიზაციის საბჭოს განმარტება სრულფასოვანი არ იყო. ისინი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უნივერსიტეტი ფინანსურად არამდგრადია და ახალი ნაკადის მიღებას ვერ შეძლებს. უნივერსიტეტის მთლიანი ქონება ბევრად მეტია, ვიდრე 700 ათასი ლარი. ჩვენი წლიური შემოსავალიც და ბრუნვაც 700 ათას ლარს ბევრად აღემატება. ყადაღასთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა გვაქვს. ამ მძაფრი კონკურენციის პირობებში, რაც საგანმანათლებლო ბაზარზე არსებობს, სად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ორი წელი ველოდოთ ახალი ნაკადის მოსვლას. თუ მეუბნებიან, რომ ფინანსურად არასტაბილური ვარ, მაშინ იმ გზას რატომ მიკეტავენ, რომელიც ერთ-ერთი წყაროა უნივერსიტეტის ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად,”-აცხადებს სალომე სუხიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი