ახალი ამბები

რუსეთში გამოკითხულთა უმეტესობა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს საბჭოთა ჯარის შესვლას ამართლებს – კვლევა

22 აგვისტო, 2018 • 4214
რუსეთში გამოკითხულთა უმეტესობა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს საბჭოთა ჯარის შესვლას ამართლებს – კვლევა

წელს ე.წ. “პრაღის გაზაფხულის” მოვლენებიდან 50 წელი გადის, თუმცა დღემდე, რუსი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამართლებს 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში  საბჭოთა ჯარების შესვლას. კვლევა იური ლევადას კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა.

რა აჩვენა კვლევამ

მსგავსი კვლევა ცენტრმა 2003 და 2013 წლებშიც ჩაატარა. 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, იმ ადამინათა რიცხვი, ვინც არ ეთანხმებოდა სსრკ-ის მოქმედებებს, 29%-დან 19%-მდე შემცირდა, ხოლო მათი რიცხვი, ვინც ეთანხმებოდა: 27%-დან 36%-მდე გაიზარდა.

კვლევა 2018 წლის მარტში ჩატარდა, მკვლევრების მიერ დასმულ კითხვაზე, სწორად მოიქცა თუ არა საბჭოთა კავშირი ჩეხოსლოვაკიაში ჯარის შეყვანით, გამოკითხულთა 10% “ერთმნიშნველოვნად, დიახ-ს” პასუხობს, 26% კი – “დიდწილად, დიახ-ს”.

იმავე კითხვაზე საპირისპიროდ პასუხობს მოსახლეობის უფრო ნაკლები ნაწილი. კერძოდ, 14%-ს მიაჩნია, რომ სსრკ “ერთმნიშვნელოვნად არასწორად” მოიქცა, ხოლო 5% ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი “დიდწილად არასწორად” მოიქცა. 45%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

გარდა ამისა, გამოკითხულთა შორის 16%-ს მიაჩნია, რომ სსრკ-ის ქმედებები “აუცილებელი იყო ჩეხოსლოვაკიაში წესრიგის შენარჩუნებისა და ადამიანური მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“, ხოლო 15% თვლის, რომ “ეს [საბჭოთა ჯარის ქმედებები] აუცილებელი იყო, და ასე რომ არ მომხდარიყო, ჩეხოსლოვაკიაში დასავლური ჯარები შევიდოდნენ“.

საპირწონედ 6% თვლის, რომ “სსრკ-ის მხრიდან ეს იყო დანაშაულებრივი აგრესია მეზობელი ქვეყნის მიმართ, მათ შიდა პოლიტიკაში ჩარევა,” , ხოლო 4% ეთანხმება პოზიციას, რომ “ამ მოვლენებმა აჩვენეს, რომ საბჭოთა სოციალიზმი დემოკრატიასთან შეუთავსებელია“.

რესპოდენტებს ასევე დაუსვეს კითხვა, “თქვენი აზრით, რა ხდებოდა მაშინ [1968 წელს] ჩეხოსლოვაკიაში?”. პასუხებს შორის ყველაზე დიდი პროცენტულობა, კერძოდ კი, 23%-ს შემდეგ პასუხს აქვს – “ეს იყო მცდელობა ჩეხოსლოვაკიის  ანტისაბჭოური და რევიზიონისტული ძალების, გამოეგლიჯათ ქვეყანა სოციალისტური ბანაკიდან“.

21 % თვლის, რომ ეს იყო “დასავლური ქვეყნების აქცია, მცდელობა, რომ გაეყოთ სოციალისტური ქვეყნები“, ხოლო 18 %-ს მიაჩნია, რომ 1968 წლის მოვლენები მოსახლეობის აჯანყება იყო საბჭოთა კავშირის მიერ თავსმოხვეული რეჟიმის წინააღმდეგ.

საბჭოთა ჯარების შესვლა ჩეხოსლოვაკიაში

1968 წლის 20 აგვისტოს ღამეს  დაახლოებით 200 000 ჯარისკაცი და 5 000 ტანკი ჩეხოსლოვაკიაში იმისთვის შეიჭრა, რომ დაემხო “პრაღის გაზაფხული”. ამ უკანასკნელს ქვეყნის კომუნისტურ ისტორიაში მცირევადიან თავისუფლების პერიოდს უწოდებენ.

ჩეხოსლოვაკიელებმა შემოჭრას სახალხო დემონსტრაციებითა და სხვა არაძალადობრივი ქმედებებით უპასუხეს, თუმცა მსგავსი ღონისძიებებით შეუძლებელი იყო საბჭოთა ტანკებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჯარების შემოსვლით საბჭოთა კავშირმა უკუაგდო პირველი მდივნის, ალექსანდრ დუბჩეკის ლიბერალური რეფორმები და მათი “ნორმალიზება”ახალი მდივნის,  გუსტავ ჰუსაკის მეშვეობით დაიწყო. მოვლენების შესახებ History წერს.

ალექსანდრ დუბჩეკმა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის თანამდებობა 1968 წლის იანვარში დაიკავა. უკვე აპრილში ქვეყნის ახალმა მმართველობამ საჯაროდ განაცხადა, რომ მათი პოლიტიკა მოსახლეობისთვის გახდებოდა დემოკრატიულ არჩევნების, სლოვაკეთისთვის გაზრდილი ავტონომიის, გამოხატვისა და რელიგიის თავისულების, ცენზურის გაუქმების, სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნისა და სხვა რიგი ინდუსტრიული და აგროკულტურული რეფორმების წინაპირობა.

ჩეხოსლოვაკიის მოსახლეობა რეფორმებს სიხარულით შეხვდა და ქვეყნის შიგნით კულტურამ აყვავება დაიწყო, რაც ისტორიაში “პრაღის გაზაფხულითაა” ცნობილი. ამავე წლის ივნისში შეიქმნა ცნობილი პეტიცია, სახელწოდებით “ორი ათასი სიტყვა”, რომელიც სრული დემოკრატიისთვის უფრო სწრაფ და ქმედით ნაბიჯებს მოითხოვდა.

სწორედ ამის საწინააღმდეგოდ, 20 აგვისტოს, დაახლოებით 200000 ჯარისკაცი აღმოსავლეთ გერმანიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და ბულგარეთიდან ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი მილიტარისტული ღონისძიება იყო.

პრაღაში პოლონეთის პაქტის ჯარისკაცებმა დაიკავეს ტელევიზიისა და რადიოს სადგურები, თუმცა ჟურნალისტები სადგურების დათმობაზე უარს აცხადებდნენ. სადგურების აღებისას დაახლოებით 20 ადამიანი მოკლეს.

დუბჩეკი და მისი გუნდი მოსკოვში მიიწვიეს, ხოლო შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოსახლეობა ქალაქის ქუჩებს დემონსტრაციებით მიაწყდა, რა დროსაც 100-ზე მეტი დემონსტრანტი ქუჩაში ჩაცხრილეს. მიუხედავად ამისა, დიდ საერთაშორისო ჩართულობას ადგილი არ ჰქონია.

27 აგვისტოს დუბჩეკი მოსკვიდან პრაღაში დაბრუნდა და თავის ემოციურ გამოსვლაში განაცხადა, რომ იძულებული გახდა რეფორმების გაგრძელებაზე უარი ეთქვა. დუბჩეკს საბოლოოდ აქცია ზურგი როგორც მმართველობამ, ასევე, საზოგადოებამ. 1969 წლის აპრილში კი ის “რეალისტ” გუსტავ ჰუსაკით შეცვალეს, რომელიც საბჭოთა კავშირთან “თანამშრომლობაზე” თანახმა იყო. ალექსანდრ დუბჩეკი კომპარტიიდან გააგდეს, შემდგომ კი ბრატისლავაში ტყის ინსპექტორად დანიშნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი