ახალი ამბები

დაკავება, თავდასხმა, მკვლელობა – საქართველო რუსეთს სასამართლოში უჩივის

22 აგვისტო, 2018 • 2587
დაკავება, თავდასხმა, მკვლელობა – საქართველო რუსეთს სასამართლოში უჩივის

საქართველო რუსეთს უჩივის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქართულმა მხარემ 21 აგვისტოს შეიტანა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელმაც კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში მიაღწია, როცა არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.

“საქართველოს მოთხოვნაა, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს რუსეთის პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ირღვევა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები, პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2  მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება),” – წერია განცხადებაში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ დარღვევებს აქვს დისკრიმინაციული მოტივი და მიზნად ისახავს ეთნიკური ქართველების კიდევ უფრო მეტად შევიწროებას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობის დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ამით ირღვევა კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები კონვენციის მე-5 მუხლთან (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), პირველი ოქმის პირველ (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლებსა და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან (მიმოსვლის თავისუფლება) ერთობლიობაში.

“საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები და საჩივარში მკაფიოდ დააყენა რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უფლებების დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკისთვის. სხვებს შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს. აგრეთვე, საჩივარში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს საკუთარი პროცედურული ვალდებულებების შესასრულებლად, რომელთა ფარგლებშიც გამოიკვეთა პასუხისმგებელი პირები და აქტიურად ხდება საერთაშორისო, მათ შორის, ინტერპოლის, მექანიზმის გამოყენება,”-წერია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმციით, საქართველოს პროკურატურას ოკუპაციის პირობებში არ ეძლევა შესაძლებლობა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და წამების ფაქტზე სრულფასოვანი გამოძიება ჩაატაროს.

“დღემდე ვერ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი; ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, უარს აცხადებენ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების, მობილური ტელეფონის და ტანსაცმლის გადმოცემაზე, რომელიც მას ეცვა წამების და გარდაცვალების მომენტში; ვერ ხერხდება იმ მოწმეთა გამოკითხვა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და ფლობენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას. ამასთან, დღემდე ვერ ხერხდება ბრალდებულების დაკავება, ვინაიდან იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ გამოძიების სრულყოფილად წარმართვას ხელს უშლის როგორც რუსეთის ფედერაცია, ისე მის მიერ ეფექტურად კონტროლირებადი დე ფაქტო ორგანოები, რომლებიც ცდილობენ დანაშაულის დაფარვას და გამოძიებისთვის კვალის არევას,”- წერია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ორი სახელმწიფოთაშორისი დავა აქვს რუსეთთან. პირველი რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას ეხებოდა და ეს საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე დავა კი  2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, რომელსაზეც გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი