ახალი ამბები

შს მინისტრი ადგილობრივ თვითმმართველობას: არავინ მოითმენს, რომ არ იყოთ ხუთოსნები

21 აგვისტო, 2018 • 2924
შს მინისტრი ადგილობრივ თვითმმართველობას: არავინ მოითმენს, რომ არ იყოთ ხუთოსნები

“არავინ მოითმენს, რომ არ იყოთ ხუთოსნები”, – ასე მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონის გუბერნატორის წარდგენისას.

“არავინ არ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და აქ არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ყველაფერთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეგიონის აუცილებლობა- რომ იყოს სამაგალითო-ასევე განპირობებულია იმ დროებითი საზღვრით, რომელიც არის გვერდით და, შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ვალდებული ვართ, სხვა რომ არაფერი არ იყოს, რომ აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები.  ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ, კოლეგებს მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის. ასევე, გითხრათ ერთმნიშვნელოვნად, რომ კიდევ უფრო მეტი შრომა იქნება საჭირო. ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთი და იგივე.  სამართლიანობა იქნება ძირითადი კრიტერიუმი.  ბოლოს და ბოლოს, ამ რეგიონში თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს. ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა ახალი გუბერნატორის მიმართ და ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვიცეპრემიერმა, შინაგან საქემთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში ცხოვრობენ შრომისმოყვარე და განათლებული ადამიანები, ამიტომაც საჭიროა რეგიონის ძალიან სწრაფად განვითარება. მინისტრის თქმით, ახალი გუბერნატორის შერჩევის დროს მთავარი კრიტერიუმი რეგიონის განვითარებაზე ზრუნვა იყო.

“რეგიონში სულ უფრო და უფრო წინა პლანზე უნდა წამოიწიონ ახალგაზრდებმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალი არიან ახალგაზრდები. ერთი რამე მინდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნის, საქართველოს წარმატება გაიზომება რამდენიმე კუთხიდან – განსაკუთრებით ქალაქების წარმატებული განვითარებით. რა თქმა უნდა, ეს არის თბილისი, ბათუმი და ეს უნდა იყოს და იქნება ზუგდიდი.  შესაბამისად, ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ დიდ შრომაში და ღვაწლში მიიღოს მონაწილეობა. ერთმნიშვნელოვნად მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ხალხს, რომლებმაც წლების განმავლობაში იზრუნეს და იშრომეს ამ კუთხის განვითარებაზე. უნდა ვიზრუნოთ და უნდა ვიშრომოთ ორჯერ მეტად. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები.  გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან იქნება მიმართული სამეგრელოზე – განსაკუთრებით ზუგდიდზე”, – განაცხადა მინისტრმა.

ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრემიერის მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში – სოზარ სუბართან ერთად, ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, წარადგინა ახალი გუბერნატორი – ალექსანდრე მოწერელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი