ანეკდოტის გამო, რუსეთში ადამიანს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ემუქრება

რადიო სვაბოდას ცნობით, სანკტ-პეტერბურგის პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნოს ედუარდ ნიკიტინს, რომელსაც ექსტრემიზმის ბრალდება აქვს წაყენებული სოციალური ქსელ “ვკონტაქტეში” გამოქვეყნებული პოსტის გამო. სასამართლომ საქმის განხილვა 21 აგვისტოს დაიწყო.

ნიკიტინის მიერ გამოქვეყნებული პოსტი არჩევნებისადმი უნდობლობის შესახებ ანეკდოტია. ანეკდოტის მიხედვით, არჩევნები პოზიტიურ ცვლილებებს ვერ მოიტანს. მის მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი სადავო პოსტი კი არის ურაპატრიოტებზე კარიკატურა. ექსტრემიზმის ბრალდებისთვის ნიკიტინს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ბრალდების მხარე პატიმრობის ნაცვლად მისი სავალდებულო მკურნალობის შუამდგომლობას აყენებს.

ნიკიტინმა სადავო პოსტები სამი წლის წინ, 2015 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. “ინტერფაქსთან” საუბრისას მისი ადვოკატი მაქსიმ კამაკინი ამბობს, რომ ნიკიტინის წინააღმდეგ გამოძიება “სიძულვილის  გაღვივების” ბრალდებით დაიწყო. ადვოკატის სიტყვებითვე, სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ შუამდგომლობა ბრალდების მხარემ მას შემდეგ დააყენა, რაც ნიკიტინმა ფსიქიკური ექსპერტიზა გაიარა.

ექსპერტული მოხსენების ავტორი, ვინც ნიკიტინის პოსტებში სიძულვილი ამოიკითხა, რეზიდა სალახუტდინოვაა. იგი “სამეცნიერო კომუნიზმის” სპეციალისტია. მოხსენების ავტორები ასევე არიან კრიმინალისტები- ელენა კირუხიანი და ტატიანა მამაეევა. დაცვის მხარე ითხოვს, რომ მათ მიერ მომზადებული დასკვნა სასამართლომ დაუშვებლად ცნოს.

ედუარდ ნიკიტინი 1971 წელს დაიბადა, იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მუშაობის უფლება არ აქვს, შესაბამისად, ნიკიტინი მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com