ფიქტიურმა საბროკერო ფირმამ 50 ადამიანი მოატყუა და ნახევარი მილიონი მიითვისა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, “ხუთი თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინეს”.

შსს-ს განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და კომპიუტერული დანაშაულის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ სამი დამფუძნებელია დაკავებული.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპი“, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში დაეხმარებოდა.

დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულებმა მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე მოქალაქეებს შეატანინეს სხვადასხვა ოდენობის თანხები, რის შემდეგაც, ხელოვნური მანიპულირებისა და კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით, შეცვალეს დაზარალებულების კომპიუტერული მონაცემები, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად წააგეს და კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონოდათ. ამ გზით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ დაეუფლნენ დაახლოებით 500 000 ლარს”, – ნათქვამია შსს-ს განცხაებაში.

დაკავებულებს ბრალი ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, მონაცემების უკანონო შეცვლასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში. შსს-ს ცნობით, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე, 284-ე და 286-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com