IBSU-ს განცხადებას ვერ დავეთანხმები – თამარ სანიკიძე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის (IBSU) სტუდენტების მიღების პროცესის შეჩერების მიზეზად ასახელებენ სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანებას. ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა ადევს და მსგავს შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭო სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

“ვერანაირად ვერ დავეთანხმები უნივერსიტეტის მხირდან გაკეთებულ განცხადებას. ვფიქრობ, საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ოპტიმალური იქნებოდა უნივერსიტეტისთვის. მათ უკვე რამდენიმე წელია სახელმწიფოსთან დავა აქვთ იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც სახელმწიფო ბიუჯეტში ეკუთვნით. მათი ქონებრივი მდგომარეობა რომ შევამოწმოთ, სრულად არის დაყადაღებული ყველა უძრავი – მოძრავი ქონება. ასევე დაყადაღებულია შ.პ.ს მფლობელების წილებიც. არ გვქონია მსგავსი შემთხვევა, როდესაც რომელიმე დაწესებულებას მსგავსი პრობლემა ჰქონოდეს, განგვეხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიგვეღო,”-აცხადებს თამარ სანიკიძე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტში განმარტავენ, რომ IBSU-ს სტუდენტებს პრობლემა არ შეექმნებათ და ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. რაც შეეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც შავი ზღვის უნივერსიტეტში 2018 წელს ჩაირიცხებიან, თამარ სანიკიძე ამბობს, რომ ისინი სხვა ავტორიზებულ უნივერსიტეტებში გადანაწილდებიან.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ადასტურებენ სახელმწიფოსთან მიმდინარე დავის შესახებ ინფორმაციას. IBSU-ს ინფორმაციით, 2013 წელს უნივერსიტეტს საგადასახადო ჯარიმა 700 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ჯარიმის საკითხზე ამ ეტაპზე სასამართლოში დავა მიმდინარეობს.

“ჯარიმიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ქონებას ადევს ყადაღა. უნივერსიტეტი მზადაა სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში დაფაროს საგადასახადო ჯარიმა. ხაზგასასმელია, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით (#025-152) გაუქმდა უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა. აღნიშნული დოკუმენტი ავტორიზაციის საბჭოს წარედგინა, თუმცა საბჭომ ეს ფაქტობრივი მდგომარეობა არ გაითვალისწინა,” – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

IBSU-ში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის უძრავი ქონება და სხვა აქტივები მრავალჯერ აღემატება 700 ათას ლარს. ამასთან, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2018 წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს უნივერსიტეტის შემოსავალს.

“ისმის კითხვა, ადეკვატურია თუ არა უნივერსიტეტისათვის შემოსავლის შეზღუდვა მაშინ, როცა საბჭოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა სწორედ მატერიალური არასტაბილურობაა?!,”-წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.