ახალი ამბებირეკლამა

ევროკავშირის ბაზარმა დსთ ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა – ეკატერინე მიქაბაძე

20 აგვისტო, 2018 • 1844
ევროკავშირის ბაზარმა დსთ ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა – ეკატერინე მიქაბაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში ევროკავშირში  ექსპორტი 20.2%-ით გაიზარდა.

„ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით, რამაც ექსპორტის სტრუქტურა შეცვალა. ევროკავშირის ბაზარმა მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა დსთ-ს ბაზარი ექსპორტის კუთხით. 2018 წლის იანვარ-ივლისში ევროკავშირის წილმა საქართველოს ექსპორტში 22.3% შეადგინა და ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 20.2%-ით,“ – განაცხადა  ეკატერინე მიქაბაძემ.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა და 31 პროცენტი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა 278.5 მლნ. აშშ. დოლარი იყო. მიმდინარე წლის ივლისში იმპორტი 21.8 პროცენტით გაიზარდა და 781.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი 2018 წლის იანვარ-ივლისშიც. ის 28.8%-ით გაიზარდა და 1 871.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 22.9%-ით აღემატება წინა წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელს და 5 180.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. სულ საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 051.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.4 პროცენტით მეტია.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო საგარეო მოთხოვნის ზრდამ საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე. მისი თქმით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (13.2 პროცენტი), მსუბუქი ავტომობილების (98.4 პროცენტი), აზოტოვანი სასუქების (42.1 პროცენტი), ღვინოების (25,7 პროცენტი) და სპირტიანი სასმელების (23.6 პროცენტი) ექსპორტი.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი