ახალი ამბები

რუსეთში “ლგბტ პროპაგანდის” ბრალდებით არასრულწლოვანი დააჯარიმეს

20 აგვისტო, 2018 • 3014
რუსეთში “ლგბტ პროპაგანდის” ბრალდებით არასრულწლოვანი დააჯარიმეს

რუსეთში 16 წლის არასრულწლოვანი გაასამართლეს და დააჯარიმეს “არატრადიციული ურთიერთობების არასრულწლოვანთა შორის გავრცელებსითვის”. მე-11 კლასელ მაქსიმ ნევეროვის დასახმარებლად 16 აგვისტოს სოციალურ ქსელში პეტიცია შექმნეს.

კომისიამ, რომელიც არასრულწლოვანთა საქმეებს იხილავს, განიხილა ნევეროვის საქმე და გადაწყვიტა, რომ “არატრადიციული ურთიერთობების” პროპაგანდისთვის  50 ათასი რუბლით (დაახლოებით 750 დოლარით) დაეჯარიმებინა.

ამ გადაწყვეტილებით კომისიამ არასრულწლოვნის წინააღმდეგ გამოიყენა ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც თავისი არსით სწორედ არასრულწლოვნებს უნდა “იცავდეს”.  აღნიშნული პეტიცია სწორედ ამ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2018 წლის სამ ივლისს პოლიციამ  ნევროვის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რის საფუძვლადაც სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები გახდა.

როგორც “ნასტოიაშეე ვრემიასთან” საუბარში თავად ნევროვი აცხადებს, პოლიცია ამბობს, რომ სოციალურ ქსელში მისი “პროფილი” პერიოდული შემოწმების დროს ნახეს და “არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდის” ნიშნები აღმოუჩინეს. თუმცა, თავად ნევროვის თქმით, ის ასეთ “ნიშნებს” ვერ ხედავს.

 შსს ამბობს, რომ მონიტორინგისას სოციალურ ქსელში ნევეროვის გვერდზე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა” ნიშნები ნახეს.

ნევეროვი ამბობს, რომ გამოძიების დაწყების მიზეზი მისი პოლიტიკური აქტივობებია. მაქსიმ ნევროვი ალექსეი ნავალნის ოპოზიციური მოძრაობის წევრია.

ის არაერთი აქციის, მათ შორის ლგტბ თემის მხარდამჭერი, ორგანიზატორი და მონაწილეა. როგორც “რადიო სვაბოდა” წერს, ნევეროვი მისი პოლიტიკური ხედვების გამო არაერთხელ გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა სკოლის ადმინისტრაციის მიერ მისი გარიცხვის სურვილი იყო.

რუსული კანონი, რომელიც ადამიანის უფლებათა სასამართლომ დისკრიმინაციულად ცნო

2017 წლის ივნისში ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთის სახელმწიფომ სამ ლგბტ აქტივისტს, რომელიც იქამდე დააჯარიმეს ე.წ. “გეი პროპაგანდისთვის”, კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. სასამართლომ განმარტა, რომ სამივე მოსარჩელე დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, ხოლო მათი გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ დაარღვია. საქმის დეტალების შესახებ Meduza წერს.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ კონკრეტული საქმეები განიხილა, ძირითადი დავა ეხებოდა იმას, თუ რამდენად თანხვედრაშია რუსეთის აკრძალვა “არასრულწოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდის შესახებ” ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

ერთადერთი მოსამართლე, რომელიც სასამართლოს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა, რუსეთიდან იყო.

ადამიანის გამოხატვის თავისუფლების გარანტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლია. ამ მუხლის მეორე ნაწილში წერია, რომ სახელმწიფოს შეუძლია შეზღუდოს აღნიშნული უფლება, თუ ეს “ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით”  და ” სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად” ხდება.

სწორედ ამ მუხლზე აპელირებდნენ სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლები. მათი თქმით, აქტივისტები ცდილობდნენ ბავშვებისთვის “დაეხატათ” ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის მიმზიდველი ნახატი და ამით შეებღალათ მათი წარმოდგენები “ტრადიციულ” ოჯახურ ღირებულებებზე.

თუმცა რუსეთის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს იმის ახსნა, თუ როგორ ლახავს “ტრადიციულ ღირებულებებს”აზრის გამოხატვა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა ლგბტ თემი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს არანაირი ურთიერთწინააღმდეგობა საზოგადოების მიერ ლგბტ თემის მიღებასა და ოჯახურ ღირებულებებს შორის. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ერთნაირსქესიანთა ოჯახები, სასამართლოს გავლით, სულ უფრო ხშირად ცდილობენ მოიპოვონ ქორწინების ან ბავშვზე ზრუნვის უფლება, რაც სწორედაც რომ ჯდება “ოჯახური ცხოვრების” ჩარჩოებში.

სასამართლოს მიხედვით, “ოჯახური ღირებულებების” დაცვისას სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის ცვლილებები, რაც საზოგადოებაში ხდება, უპირველესად კი ის, რომ ადამიანს შეუძლია სურვილისამებრ წარმართოს თავისი პირადი ცხოვრება.

აღნიშნული კანონი რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი