2018 წლის 7 თვეში ექსპორტი თითქმის 29%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წლის შვიდ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარია. საქსტატის თანახმად, 2017 წლის იანვარ – ივლისთან შედარებით, ექსპორტი თითქმის 29%-ით არის გაზრდილი. ქვეყანაში იმპორტის მოცულობამ იანვარ – ივლისში 5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2017 წელთან შედარებით, იმპორტი დაახლოებით 23%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 7 თვეში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე დაახლოებით 418 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ევროკავშირში ექსპორტი  თითქმის 22%-ით არის გაზრდილი. ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ (იმპორტი – ექსპორტი) თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც 2017 წლის იანვარ- ივლისის პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 25%-ით აღემატება.

რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, ექსპორტის მოცულობამ ამ პერიოდში თითქმის 873 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2017 წლის 7 თვის მაჩვენებელს 52% -ით აღემატება.

წყარო : საქსტატი

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები

წინასწარი ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ – ივლისის  უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნებია:

  • აზერბაიჯანი
  • რუსეთი
  • თურქეთი
  • სომხეთი
  • ბულგარეთი
  • ჩინეთი
  • აშშ
  • უკრაინა
  • უზბეკეთი
  • შვეიცარია

წყარო : საქსტატი

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში სამი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანაა თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. თურქეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობამ მიმდინარე წლის იანვარ – ივლისში 800 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. შემდეგ მოდის რუსეთი 520 მლნ აშშ დოლარით და ჩინეთი 505 მლნ აშშ დოლარით.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი

2018 წლის იანვარ-ივლისის ექსპორტში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. ქვეყანამ  278 მლნ აშშ დოლარის მადნები და კონცენტრაცები გაიტანა საზღვარგარეთ. შემდეგ მოდის ფეროშენადნობები 205 მლნ აშშ დოლარით.
მესამე ადგილს მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იკავებს. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა მოცემულ პერიოდში დახლოებით 203 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო : საქსტატი

საქსტატის ცნობით, საქართველოს თურქეთში გააქვს ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და კონცენტრანტები და სხვა საქონელი. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთში საქართველოდან ექსპორტზე გადის ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალურები წყლები და სხვა პროდუქტები.

რაც შეეხება იმპორტს, 2018 წლის იანვარ – ივლისის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში პირველი ადგილი ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა დაიკავა (489 მლნ აშშ დოლარი). მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები (335 მლნ აშშ დოლარი). მესამე ადგილზეა სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი  218.0 მლნ. აშშ დოლარით.

წყარო : საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, თურქეთიდან საქართველოში შემოდის სამკურნალო საშუალებები, მსუბუქი ავტომობილები, მზა ნაწარმი და სხვა პროდუქცია. საქართველოს რუსეთიდან შემოაქვს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ხორბლის, მზესუმზირის ზეთი და სხვა პროდუქტები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.