ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს თურქეთში ესროლეს

20 აგვისტო, 2018 • 2742
აშშ-ის საელჩოს თურქეთში ესროლეს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აშშ-ის საელჩოს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ავრცელებს როიტერსი CNN-ის თურქეთის ბიუროზე დაყრდნობით.

შემთხვევა მოხდა ორშაბათს, 20 აგვისტოს. უცნობმა პირმა საელჩოს უსაფრხოებაზე პასუხისმგებელი პირების გარეთა ჯიხურის ფანჯარას ესროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიცია ამ დრომდე ეძებს თავდასხმის მონაწილე პირს, რომელმაც სროლის შემდეგ ტერიტორია გამთენიისას, 05:00 საათზე თეთრი ავტომობილით დატოვა.

როიტერის ცნობით, თავდასხმა ვაშინგტონსა და ანკარას შორის გაღრმავებულ კრიზისს უკავშირდება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთში ამერიკელი პასტორი დააკავეს.

ევანგელისტური ეკლესიის ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს ბრალად ედება 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ დაკავებულის წინააღმდეგ აქამდე რაიმე სარწმუნო მტკიცებულება ვერ წარადგინა. ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე კვირაა თურქეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრანსონის გათავისუფლებაზე.

50 წლის ენდრიუ ბრანსონი წლებია თურქეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის ქალაქ იზმირში მდებარე ეკლესიის პასტორია. მისი მრევლი ოცამდე ადამიანისგან შედგება.

ის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით 2016 წელს დააკავეს. გადატრიალების გარდა, პასტორს თურქეთის ხელისუფლება ბრალს სდებდა ქურთების მუშათა პარტიასთან და ფეტულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში. ამერიკული მხარე ბრანსონს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 2017 წლის ოქტომბერში თურქეთში ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ პასტორისთვის წარდგენილი ბრალი უსაფუძვლო იყო.

2018 წლის ივლისში თურქეთის სასამართლომ ამერიკელ პასტორი დროებით გაათავისუფლა და შინაპატიმრობა მიუსაჯა. თურქეთის სახელმწიფო მედიასააგენტო “ანადოლუ” პასტორის გაშვების ოფიციალურ მიზეზად “ჯანმრთელობის პრობლემებს” ასახელებს.

2018 წლის 15 აგვისტოს თურქეთის სასამრთლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა პასტორის სრულ გათავისუფლებაზე. CNN წერს, რომ ბრანსონის საბოლოო სასამართლო პროცესი ოქტომბერშია ჩანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ამერიკელ პასტორს დაახლოებით 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი