ახალი ამბები

7 ახალი გუბერნატორიდან ყველა კაცია

20 აგვისტო, 2018 • 6624
7 ახალი გუბერნატორიდან ყველა კაცია

დღეს, 20 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები წარადგინა. ახალი გუბერნატორებიდან ყველა კაცია.

  • მცხეთა-მთიანეთი – შალვა კერესელიძე – დღემდე იკავებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგიონებთან კორდინაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას;
  • ქვემო ქართლი – შოთა რეხვიაშვილი – დღემდე იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. TI-ის ინფორმაციით, 2013 წელს ნინო ბურჯანაძის პარტიას, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს 1955 ლარი შესწირა;
  • სამცხე-ჯავახეთი – ბესიკ ამირანაშვილი – დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას;
  • შიდა ქართლი – გიორგი ხოჯევანიშვილი – მუშაობდა კერძო სექტორში, მათ შორის, მაგთიკომში. ის იყო ვენეციის კომისიაში საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენელი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – ალექსანდე მოწერელია – მუშაობდა კერძო სექტორში. მისი მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა, რომელიც დღემდე სოფელ ჭუბერში მერიის წარმომადგენელი იყო.
  • გურია – ზურაბ ნასარაია – იყო საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრი, ასევე, შპს რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის ხელმძღვანელი. TI-ის ინფორმაციით, 2013 წელს ქართულ ოცნებას 6000 ლარი შესწირა.
  • იმერეთი – შავლეგო ტაბატაძე – იყო აღმოსავლეთის გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების სარდალი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართული ჯარების სწავლებებს და მონაწილეობდა საქართველოს საერთაშორისო მისიებში.

პრემიერმა საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები თანამდებიდან 26 ივლისს გაათავისუფლა. თანამდებობები მხოლოდ გურიის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორებმა შეინარჩუნეს. გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ დღეს დილით საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პრემიერს მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი